"ფაიზერის" მესამე დოზა 60 წელს გადაცილებულებში 86%-ით ეფექტურია

ისრაელის ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაცია "მაკაბი" კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "ფაიზერის" მესამე დიზუთ აცრა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, 86%-ით იყო ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ.

ორგანიზაციამ ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9,3 მილიონს შეადგენს, "ფაიზერის" მესამე დოზის ადმინისტრირების შემდეგ 149,144 ადამიანის მონაცემები შეადარა 675,630 ადამიანისას, რომლებსაც ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა ჰქონდათ მიღებული. კვლევაში 2021 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები იყო გამოყენებული.

მათ შორის, ვინც სამჯერ გაიკეთა ვაქცინა, მხოლოდ 37 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი. ორჯერ გაკეთებულებს შორის კი 1,064 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ ადამიანებს, ვინც დაკვირვების ორ სხვადასხვა ჯგუფში იყო, მსგავსი დემოგრაფიული მონაცემები ჰქონდათ, რათა კვლევა უფრო ზუსტი ყოფილიყო.

ასევე ნახეთ: "პირბადეების ომი" - რესპუბლიკელები სკოლებში პირბადეების ტარების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან

"მაკაბის" ინფორმაცია არ გაუვრცელებია იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ინფექცია ამ 37 დაავადებულის შემთხვევაში, ან ჰქონდათ თუ არა მათ საერთოდ რაიმე სიმპტომები.

"ფაიზერში" კი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა დროთა განმავლობაში ეფექტურობას კარგავს. მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში კი ორგანიზმს უჩნდება დაცვა, როგორც კორონავირუსის პირველი, ისე სხვა ვარიანტებისგან. მათ შორის ისეთი ადვილად გადამდები ვარაინტისგანაც, როგორიც დელტაა.