შეერთებული შტატების დიდ ნაწილში სიცხის შემოტევის გამო, ტემპერატურა შემაშფოთებელ ნიშნულებს აღწევს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუა-დასავლეთის შტატებში ტემპერატურა უკვე ძალიან მაღალია, უქმეებზე კი პროგნოზის მიხედვით, კიდევ უფრო მოიმატებს და რეკორდულ მონაცემებამდე გაიზრდება.
ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ. სინოპტიკოსების თქმით, 87 მილიონზე მეტი ადამიანი ამერიკაში იმ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც შაბათს რეკორდული სიცხე დაფიქსირდება.
ტემპერატურა ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში 43 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო, გაცილებით მწველი იქნება. მეტეოროლოგების თქმით, ვაშინგტონში ცოტა ხნით იმდენად ძლიერი სიცხე იქნება, რამდენადაც "სიკვდილის ველზე" - მოჰავეს უდაბნოსთან მდებარე მთათაშორის ღრმულში, კალიფორნიაში.
ამინდის პროგნოზის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ასეთი ძლიერ მწველი სიცხე ხანმოკლე იქნება. ამავე უწყების ცნობით, სახიფათოდ მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს დაზიანება და ჯანმრთელობის პრობლემები, თუკი შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული.
მცირეწლოვანი ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და კონდიციონერის არმქონე მცხოვრებლები, ისევე როგორც ისინი, ვისაც გარეთ უწევს დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. შეერთებულ შტატებში მათთვის სპეციალური გამაგრილებელი ცენტრები შეიქმნა. ხელისუფლება მძღოლებსა და მგზავრებსაც აფრთხილებს და ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში ავტომობილებში შესაძლოა სულ რამდენიმე წუთში სიცოცხლისთვის საშიში პირობები შეიქმნას.