გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, დაგმო „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მიტანილი შეტევა, ისრაელის 800-ზე მეტი მოქალაქის დაღუპვა და 2500-ზე მეტის დაშავება. განცხადება მან, ორგანიზაციის მიერ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების განხილვის შემდეგ გააკეთა.
„მე ვაღიარებ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ წყენას. მაგრამ, ვერაფერი გაამართლებს ტერორის ამ აქტებს და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, დასახიჩრებას და გატაცებას“, - თქვა მან.
გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელმა, სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშები უნდა შეწყვიტოს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ვაღიარებ ისრაელის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების გარშემო, ასევე შევახსენებ ისრაელს, რომ სამხედრო ოპერაციები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მკაცრი დაცვით“, - განაცხადა მან.
მან ასევე დაგმო ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე გამოცხადებული ბლოკადა და მოუწოდა თელ-ავივს, ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.
ასევე ნახეთ: "როიტერის" ცნობით, ყატარი "ჰამასსა" და ისრაელს შორის შუამდგომლობს„მოვუწოდებ ყველა მხარეს და შესაბამის მხარეებს, მისცენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წვდომა, რათა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს ღაზის სექტორში ჩარჩენილ და უმწეო პალესტინელ მოქალაქეებს“, - თქვა მან.
„მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, მობილიზდეს დაუყოვნებელი ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ამ ძალისხმევისთვის“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა და განმარტა, რომ ორგანიზაცია ცდილობს, თავიდან აიცილოს რეგიონში კონფლიქტის გაფართოება.
„დროა დასრულდეს სისხლისღვრის, სიძულვილისა და პოლარიზაციის ეს მანკიერი წრე“, - აღნიშნა გუტერეშმა. „ისრაელს უნდა მიეცეს უსაფრთხოების ლეგიტიმური საჭიროებების მოგვარების შესაძლებლობა და პალესტინელებმა უნდა დაინახონ საკუთარი სახელმწიფოს შექმნის მკაფიო პერსპექტივა“, - დასძინა მან და თქვა, რომ საჭიროა თავიდან იქნას არიდებული ქმედებები, რომელიც „გაამხნევებს ექსტრემისტებს და გაანადგურებს გრძელვადიანი მშვიდობის ნებისმიერ პერსპექტივას“, - თუმცა, არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა აღნიშნულ ქმედებებში.
ასევე ნახეთ: ვითარება ისრაელში - „ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასს" აღარ ექნება სამხედრო შესაძლებლობები"გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „უკანასკნელი ძალადობა არ მომხდარა ვაკუუმში. რეალობა არის ის, რომ ის წარმოიშვა ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად, 56-წლიანი ოკუპაციისა და პოლიტიკური გადაწყვეტის არ არსებობის ფონზე“. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვითარებას მხოლოდ ორგანიზაციის გეგმის შესაბამისი, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის სცენარი მოაგვარებს.
განცხადება გუტერეშმა მას შედმეგ გააკეთა, რაც გასულ უქმეებზე, ღაზის სექტორიდან "ჰამასის" მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მოკლეს ასობით ადამიანი, ათობით მათგანი კი დაატყვევეს. საპასუხოდ, ისრაელმა, ღაზაში სამიზნეებზე ფართო იერიში მიიტანა და სექტორის ბლოკადა გამოაცხადა. უცნობია, განახორცილებეს თუ არა ისრაელი სექტორში სახმელეთო შეჭრას.