სტიქიით განადგურებული „მომავლის სკოლის“ ბედი

წყალდიდობიდან ორი კვირის შემდეგ „მომავლის სკოლის“ ბედი გაურკვეველი რჩება. სკოლის ადმინისტრაცია ქველმოქმედების იმედით რჩება და ფიქრობს, რომ ურთულესი ვითარების მიუხედავად, სექტემბერში სწავლის განახლებას შეძლებს.

13 ივნისის ტრაგიკულ ღამეს ზოოპარკთან ერთად სრულიად განადგურდა „მომავლის სკოლაც“ - სასწავლო დაწესებულება, რომელშიც განათლებას 300-მდე ქართველი, თუ უცხოელი მოწაფე იღებდა. საბედნიეროდ, სტიქიური უბედურება შუაღამისას მოხდა, როცა სკოლაში დაცვის მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ისინი დაღუპვას სასწაულებრივ გადარჩნენ.

სკოლის დირექტორის რაიან არნერის თქმით, „მომავლის სკოლა“ პირველი დასავლური ტიპის კერძო სასწავლებელი იყო, რომელიც 1992 წელს დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გაიხსნა და ქართველ ბავშვებს სწავლა ინგლისურ ენაზე შესთავაზა. ამით მათ გზა ევროპის და ამერიკის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლებისკენ გაეხსნათ. დამფუძნებლებმა ერლ და ჯენეტ თრითებმა სკოლა თავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დააარსეს. სწავლება ამერიკული პროგრამით და სახელმძღვანელოებით ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად მიმდინარეობდა და მაშინ თბილისში ამერიკული სკოლის სახელით იცნობდნენ.

მას შემდეგ 23 წელი გავიდა. დღეს „მომავლის სკოლაში“ უკვე პირველი მოწაფეების შვილები დადიან. სკოლა ისევ კერძოა და სწავლა ფასიანი, თუმცა რაიან არნერის თქმით, დაწესებულება თავის დროზე არამომგებიან ორგანიზაციად უნდა გაფორმებულიყო, რადგან მთელი მოგება ისევ სკოლას, მის განვითარებას ხმარდებოდა და დამფუძნებლებს მათგან შემოსავალი არასოდეს ჰქონიათ.

„მომავლის სკოლა“ დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. მოხალისეთა მიერ დაუზარლად გაწეული გამწმენდი სამუშაოების მიუხედავად, ნაგებობა სექტემბერში მოსწავლეების მისაღებად აღარ ვარგა. ვერც სასკოლო ინვენტარის გადარჩენა მოხერხდა. გადასაყრელია ავეჯი, მერხების და სკამების ჩათვლით. სახელმძღვანელოებზე და კომპიუტერებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. რამდენად ეხმარება სკოლას საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია? - ამ კითხვით მივმართეთ სკოლის დირექტორს.

„როგორც ვიცი, აქამდე შეგროვილი ფულის უმეტესი ნაწილი წყალდიდობის მსხვერპლისთვის და დაზარალებულებისთვისაა განკუთვნილი. თანხების გამოყოფა კერძო სექტორისთვის არ იგეგმება. თუმცა, დახმარებას სხვამხრივ მოველით და ვიღებთ კიდეც. კერძოდ, მთავრობა იმ პოტენციური შენობების მოძებნაში და შერჩევაში გვეხმარება, რომელთა იჯარით აღება, ან შესყიდვა იქნება შესაძლებელი“ - ამბობს რაიან არნერი.

სკოლის მესვეურებმა შემოწირულობების მოზიდვის მიზნით, „თი-ბი-სი“ ბანკში „მომავლის სკოლის“ სახელზე ანგარიში გახსნეს. 26 ივნისისთვის შეგროვილი თანხა რვა ათას ლარს არ აღემატება. ამ დროს, მხოლოდ სახელმძღვანელოების და სავარჯიშო რვეულების შეერთებულ შტატებში შეძენას და ჩამოტანას სულ ცოტა 100 ათასი ლარი ჭირდება. დამატებით 150 ათასამდე დაჯდება დროებითი შენობის ერთწლიანი იჯარა და გაცილებით მეტი, რამდენიმე ასეული ათასი - ახალი შენობის აშენება.

„თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ არც კომპიუტერი გვაქვს, არც სკამი და არც მერხი და არანაირი აღჭურვილობა, რაც სკოლას ჭირდება, არ ვიცი, ალბათ მილიონზე მეტი გვესაჭიროება. ამ წუთას შემოწირულობით, რაც საქართველოს ფარგლებში გვაქვს, სადღაც რვა ათასამდე შეგროვდა. მთლად 8 ათასიც არ არის, 7 800 ლარი უნდა იყოს და ძალიან ვღელავ - ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე, ნუცა ქორელი.

სკოლის ადმინისტრაცია მომდევნო თვეებში აპირებს თხოვნით მიმართოს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-ლიდერებს, რომ იქნებ ჩამოწერილი კომპიუტერებით მაინც შეძლონ სასწავლებლის დახმარება. რაც შეეხება ქართულ სახელმძღვანელოებს, მათ განათლების სამინისტრო 100 პროცენტიან უზრუნველყოფას პირდება.

სკოლა დაზღვეული არ იყო, ამიტომ შემოწირულობების გარდა, სკოლის ადმინისტრაციას სხვა ტიპის დაფინანსების იმედი ამ ეტაპზე არ აქვს. განათლების და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, ის საქმის კურსშია და „მომავლის სკოლისთვის“ შენობების შერჩევის თაობაზე საუბარი ეკონომიკის მინისტრთანაც ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დავეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არა საჯარო, არამედ კერძო სკოლა. აქამდე ის შენობა, მათ რაც ჰქონდათ, ისიც რამდენიმე ათეული წელია სახელმწიფოს მიერ გადაცემული გრძელვადიანი იჯარით იყო... მოსწავლეებთან დაკავშირებითაც შევთავაზეთ დახმარება. ეს საგამოცდო პერიოდს დაემთხვა, თქვენ კარგად იცით და ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად ერთ-ორ დღეში გავაკეთეთ ორგანიზება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში გამოცდაზე მისულიყვნენ და არ ჩავარდნოდათ საგამოცდო სესიები “ - ამბობს ის.

მინისტრის თქმით, ძალიან რთულია ისეთი ინფრასტრუქტურის ამ მოკლე ვადაში მოძიება, რომელიც სკოლის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. ამიტომ არსებული თავისუფალი და დაუტვირთავი შენობებიდან ხდება შერჩევა. „პროცესები მიმდინარეობს და ამ საკონსულტაციო რეჟიმში შესაძლებელია საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს ისეთი შეთავაზება, რომელიც ორივე მხარისთვის, ასე ვთქვათ, მისაღები იქნება. დაველოდოთ ჯერ კიდევ. მაინც, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა მას მერე, რომ კარგი მოკვლევა ჩაეტარებინა თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს, რომ მეტი ალტერნატივა შესთავაზოს“ - აცხადებს თამარ სანიკიძე.

ის, რაც სკოლას წყალდიდობის შემდეგ არ დაუკარგავს, პირველ რიგში არის მოწაფეების და მათი მშობლების ერთგულება, ამბობს ნუცა ქორელი. მისი თქმით, სასწავლებლიდან არცერთი მოსწავლე არ გადასულა, პირიქით, ახლებიც კი დაემატათ და რაც მთავარია, არც თანამშრომლებს დაუტოვებიათ სამსახური.

ურთულესი ვითარების მიუხედავად, დირექტორი რაიან არნერი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ 15 სექტემბრისთვის, სულ რაღაც ორთვენახევარში, სკოლა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მომზადებას შეძლებს: „ეს ჩვენი მიზანია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე მოხდეს. ვფიქრობ, რომ შევძლებთ. ძალიან რთული იქნება, დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენი ხალხი გვერდში გვიდგას და გარედან დახმარების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია“.