ამერიკა და ევროსაბჭო ჩეჩნეთში უფლებადამცველის გათავისუფლებას ითხოვენ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ჩეჩნეთში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის დაკავების გამო. ოიუბ ტიტიევი გუშინ დააპატიმრეს და მას ბრალად არალეგალური ნაკროტიკების ქონა ედება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი შემთხვევაა იმ მრავალთაგან, როდესაც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ იგებენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტიტიევი და ნება მისცენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებებს იფუნქციონირონ თავისუფლად, შევიწროვებისა და შეურაცხყოფის გარეშე,“ - განაცხადა ჰედერ ნაუერტმა.

60 წლის აქტივისტი სამშაბათს დილის დაახლოებით 11-ის ნახევარზე დააკავეს. როგორც მოწმეები ამბობენ, 5-6-მა პოლიციელმა მისი მანქანა ქალაქ ხურჩალოს მახლობლად, ხიდთან გააჩერა და გაჩხრიკა. პოლიციის განცხადებით, მის მანქანაში პოლიეთილენის პარკში გახვეული 180 გრამი მარიხუანა იპოვეს. რუსეთის კანონმდებლობით ეს ოდენობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ის ქალაქში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა იქ მისულ ადვოკატს გარკვეული ხნის მანძილზე ეუბნებოდნენ, რომ დაკავებული ამ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა. ჩეჩნეთის მთავრობამ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მომხდარიდან მხოლოდ 8 საათის შემდეგ დაადასტურა.

კრემლმა ამ ფაქტზე კომენტარი მხოლოდ ოთხშაბათს გააკეთა და თქვა, რომ ეს „პოლიციის საქმეა“, რადგან აქტივისტის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდებები არსებობს.

„ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დაკავებულ ტიტიევს არ მოეპყრობიან სათანადოდ. ჩვენ მოვითხოვთ გარანტიას რუსეთის ფედერალური ხელისუფლებისგან, რომ დაკავებულის უფლებები რუსეთის კონსტიტუციისა და რუსეთის ადამიანის ფლებათა ვალდებულებების შესაბამისად დაიცვან“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

დაკავებული უფლებადამცველის გათავისუფლებას ითხოვს ევროსაბჭოც. საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის წევრმა ნილს მიუზნიკსმა ასევე მოუწოდა რუსეთს ტიტიევის გათავისუფლებისკენ და დასძინა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი „საეჭვო და დამაჯერებლობას მოკლებულია“. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კი თქვა, რომ ოფიციალური ბერლინი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

ბევრი სხვადასხვა შეფასებითაც, ეს ბრალდება ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნება და სინამდვილეში ის მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფატქებზე ხმამაღლა საუბრობდა. მათ შორის იყო დაკავებები, სასამართლოს გარეშე ადამიანთა სიკვდილით დასჯა, განზრახ გაჩენილი ხანძრები და ა.შ.

უფლებადამცველი რუსი აქტივისტები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩეჩნეთის მთავრობისა და კონკრეტულად კადიროვის მწვავე კრიტიკოსებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში სდებენ ბრალს და ამით მათ დისკრედიტირებასა და თავიდან მოშორებას ჩეჩნეთის კონსერვატიულ საზოგადოებაში ზოგჯერ წარმატებით ახერხებენ. ტიტიევის დაკავებამდე ორ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა უფლებადამცველ აქტივისტებს „ხალხის მტრები“ უწოდა და მათი სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

ტიტიევის კოლეგები სასაცილოდ მიიჩნევენ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, და ახასიათებენ მას, როგორც ღრმად რელიგიურ პიროვნებას, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას.

„ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ხალხის დაპატიმრება, ჩეჩნეთის მთავრობის მიერ უკვე ძალიან ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა იმისთვის, რომ დასაჯოს და დისკრედიტება მოახდინოს მათი კრიტიკოსების კონსერვატიულ ჩეჩნურ საზოგადოებაში“ - ამბობს ტანია ლოკშინა , "ჰუმან რაითს ვოჩის" კორესპოდენტი. "ეჭვგარეშეა, რომ ტიტიევის დაკავება "მემორიალის" ჩეჩნეთიდან საბოლოოდ განდევნის მცდელობაა".

2014 წელს კიდევ ერტი აქტივისტი - რუსლან კუტაევი 4 წლით ჩასვეს ციხეში ჰეროინის ქონისათვის, მას მერე რაც მან კადიროვი საჯაროდ გააკრიტიკა. 2016 წელს კი ჟურნალისტ ჟალაუდი გერიევს მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მსგავსი დანაშაულისთვის. ჟურნალისტი იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებ-გვერდისთვის მუშაობდა, რომელიც ჩეჩენი ლიდერის მიმართ კრიტიკულია. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ორივე ციხეში აწამეს.

რაც შეეხება ტიტიევს, მისი კოლეგები ამბობენ, რომ სასიკვდილო მუქარებს ის ხშირად იღებდა, თუმცა საქმიანობას განაგრძობდა. აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეჩნეთის ბიუროს მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც 2009 წელს მისი წინამორბედი და კოლეგა ნატალია ესტემიროვა გაიტაცეს და მოკლეს. ესტემიროვას მკვლელობისთვის არავინ დაუსჯიათ.

„კონფლიქტების ანალიზისა და პრევენციის ცენტრის“ დირექტირი კარია სოკირიანსკაია „როიტერთან“ საუბარში ამბობს, რომ ტიტიევის დაკავება ჰგავს მცდელობას „ჩეჩნეთში აქტივიზმის დარჩენილი ნაწილიც ამოძირკვონ“. მისი თქმით, ჩეჩნეთის მთავრობის წევრთა რიტორიკა ამის აშკარა დასტურია, რადგან მათ უკვე აიმაღლეს ხმა უფლებადამცველთა წინააღმდეგ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვი დეკემბერში ამერიკის მიერ სანქცირებული კონკრეტული პირების სიაში მოხვდა.

სანქციები უკავშირდება ამერიკის ძალისხმევას დაისაჯონ ის პირები, რომელთა სახელებიც ე.წ. მაგნიტსკის აქტს უკავშირდება. 9 წლის წინ რუსმა იურისტმა და ფინანსისტიმა სერგეი მაგნიტსკიმ რუსეთში ბაზირებული ერმიტაჟის ფონდის აუდიტისას, 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო თაღლითობა აღმოაჩინა, რომელშიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მაგნიტსკი მალე დააპატიმრეს და ის 2009 წლის 16 ნოემბერს, მოსკოვის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა. თავდაპირველად, მთავრობის წარმომადგენლებმა სიკვდილის მიზეზად არასათანადო მოპყრობა და ჯანდაცვისადმი მიუწვდომლობა დაასახელეს, რის საფუძველზეც გამოძება დაიწყო. მოგვიანებით, გამოძება შეწყდა.

2012 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მაგნიტსკის სახელობის აქტი მიიღო, რომლითაც სანქციები დაუწესდა მაგნიტსკის საქმეში ჩართულ ხალხს. 2017 წლის 20 დეკემბერს კი შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა მაგნიტსკის აქტის თანახმად, სანქციები 5 ადამიანზე დააწესა. მათ შორის მოხვდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპიტანი აიობ კატაევი. მათ სანქციები იმ პირების დევნისთვის, წამებისთვის, მკვლელობებისთვის დაუწესდათ, ვინც რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ავლენდა. კადიროვი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს.

ამ სანქციების ამოქმედებიდან მალევე, "ფეისბუქმა" და "ინსტაგრამმა" რამზან კადიროვის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს. სოციალური ქსელების წარმომადგენელთა განმარტებით, ამის მიზეზი სწორედ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჩეჩენი ლიდერის მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვები იყო.