ისტორიაში პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეეხება. პუბლიკაცია 2024-25 წლებში დიპლომატიის გაძლიერებაში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სტრატეგიას ასახავს. დოკუმენტი, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აწერს, ამერიკის საგარეო უწყების ვებგვერდზე დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი ხელოვნური ინტელექტის რისკების შესამცირებლად ზომებს მიიღებს"სახელმწიფო დეპარტამენტი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება, სადაც ხელოვნური ინტელექტის უნართა განვითარებადი ეკოსისტემა უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. ეს შესაძლებლობა საშუალებას მისცემს დეპარტამენტს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი (AI), ყველა სახის სამომავლო მიღწევებისთვის, საჯარო დიპლომატია იქნება ეს, თარგმანები, მართვის ოპერაციებში, ინფორმაციის გავრცელებასა და განაწილებაში, ამოცანების ავტომატიზაციაში, კოდის გენერირებაში, თუ სხვა.
თუმცა, ეს შესაძლებლობა მოითხოვს დეპარტამენტისგან, რომ მან მიიღოს ზომები [ხელოვნური ინტელექტის] ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს ნაბიჯებს დეპარტამენტის მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დასაცავად და მიკერძოებული შედეგების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მისიას და ღირებულებებს" - ნათქვამია სტრატეგიის დოკუმენტის შესავალ ნაწილში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენების პროცესში, მათ 4 მიზანი განსაზღვრეს. ესენია:
- ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის გამოყენება.
- ისეთი [სამუშაო] კულტურის ხელშეწყობა, რომელიც ითავისებს ხელოვნურ ინტელექტს.
- დარწმუნება იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობით გამოიყენება.
- ინოვაციის ხელშეწყობა.
ამერიკის საგარეო უწყების განმარტებით, ამ მთავარი მიზნებიდან თითოეული თავისთავად ეფუძნება უფრო კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ერთიანდება დეპარტამენტის ხელოვნური ინტელექტის ლიდერების მიერ გამოვლენილ პრიორიტეტებში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წინსვლას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.