ტაილანდში კომენდანტის საათია გამოცხადებული

ტაილანდის არმიის ხელმძღვანელი გენერალი პრაიუტ ჩან-ოჩა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრას მართავს. ერთი დღით ადრე მან ქვეყანაში კომენდანტის საათი დააწესა.

შეხვედრაში მონაწილეობას საარჩევნო კომისიისა და სენატის წარმომადგენლებიც იღებენ. შეხვედრის დანიშნულება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების დასახვაა.

გენერალი პრაიუტის განცხადებით, კომენდანტის საათის გამოცხადება აუცილებელი იყო ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერ მინისტრი ინგლუკ შინავატრა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზეზით პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამხედრო ლიდერები ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ ეს სამხედრო გადატრიალება არ არის და ქვეყნის მართვა კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობს.