ტეხასის სინაგოგაზე თავდამსხმელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო

სინაგოგა ტეხასში

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც ტეხასის შტატში სინაგოგაში 4 ადამიანი აიყვანა მძევლად, პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი მან თავი მოიკლა, თუ მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას, მას სამართალდამცავებმა ესროლეს.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ინგლისის პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში მათ ორი მოზარდი დაკითხეს.

ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უორტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სინაგოგაში, ამ უქმეებზე შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 4 მძევალი აიყვანა. თითქმის 10-საათიანი ალყის და მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ მძევლები გაათავისუფლა. არცერთი მათგანი დაშავებული არაა. გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი სამართალდამცავები ბრიტანელ კოლეგებთან და თავდამსხმელის ოჯახთან თანამშრომლობით ცდილობდნენ მის დათანხმებას, გაეთავისუფლებინა მძევლები.

შეიარაღებული პირი, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კვირას გამოაქვეყნა - მალიკ ფაისალ აკრამი, 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ამერიკულ მხარეს ჯერ არ უთქვამს, როგორ შევიდა შეერთებულ შტატებში აკრამი. ის ამერიკის ფედერალურ ციხეში მყოფი, წარმოშობით პაკისტანელი მეცნიერის გათავისუფლებას მოითხოვდა.

აკრამის ძმამ, გულბარმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეჭვმიტანილს მენტალური პრობლემები ჰქონდა და ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ შუამავლობას და მოლაპარაკებებში ჩართვას. "არაფერი, რაც ჩვენ შეიძლებოდა გვეთქვა, ან გაგვეკეთებინა, მას არ არწმუნებდა, დანებებულიყო", - დაწერა გულბარმა ბლექბარნის მუსლიმთა თემის "ფეისბუქ" გვერდზე. მისივე თქმით, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ბრიტანეთში ოჯახის წევრებისგან მეტი ინფორმაციის მისაღებად მიემგზავრებიან.