ტერორიზმი და ნათესაური სოლიდარობა საქართველოში

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 29 ნოემბერს სოფელ ნასაკირალის მცხოვრები სამი და ხელვაჩაურის ერთი მკვიდრი, ვისაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი. 2015 წლის 18 ნოემბერს საქალაქო სასამართლო 11 ბინის ჩხრეკაზე გასცა ნებართვა, რის შედაგადაც 4 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ავტორის ხვიჩა გობაძის ნათესავია.

კონტრ-ტერორისტულ ცენტრში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ისლამურ სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებული დროშები. დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსი უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა: "მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" იდეოლოგიას.
გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თერთმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.”

ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საქმეგრიფი საიდუმლო ადევს. საქმის პროკურორი გიორგი დავითაშვილი ბრალდების მხოლოდ ერთ ნაწილზე საუბრობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას, დამზადებას და გადაგზავნას ეხება.

დაკავებულების მშობლები არ უარყოფენ, რომ სირიაში წასულ მებრძოლებთან დაკავებულებს ახლო ნათესაობა, მეგობრობა და რწმენის ერთიანობა აკავშირებდათ, თუმცა დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ. ერთ-ერთი დაკავებულის დედა, ნათელა ბერიძე ამბობს: „გვქონდა კავშირი ამ მორწმუნეებთან, სალოცავად დადიოდა მეჩეთში. ყველა აბრალებს ახლა, რომ იმ ბიჭებთან ჰქონდა კავშირი, წასულები რომ არიანო, ოთხნი. მეგობრობაც ჰქონდა და ნათესაობაც, ჩემი ძმის შვილია ერთი მათგანი, მეორე მეზობელია, მესამე ნათესავია. მეგობრობა სკოლიდანაც ჰქონდათ და სოფლიდანაც.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორის ხვიჩა გობაძის სახლიც გაჩხრიკა. ინტერპრესნიუსი მისი მეუღლის ინტერვიუს ავრცელებს: „როცა ძალით შემოცვივდნენ (სამართალდამცავები), მაშინ გამოიწვია ჩვენში შიში ამან, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ გაგრძელდა ყველაფერი: არც დაძალება ყოფილა, არც დარტყმა, არც ფიზიკური შეხება... ჩემმა მეუღლემ მე მითხრა, რომ სამუშაოდ მივდივარო. 20-25 დღის შემდეგ გავიგე, რომ არ ყოფილა თურმე სამუშაოდ“

დაკავებულების ადვტოკატი ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ ამოღებულ იარაღზე თითების ანაბეჭდები არ აღმოჩენილა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს მისი გარკვეული პერიოდით იზოლირების მიზნით. მტკიცებულებები, რაც აქვთ წარმოდგენილი, მათზე არაა აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები“.

ტერორიზმიდან მომდინარე გლობალური საფრთხის შესახებ კომენტარი დღეს ამერიკის ელჩმა იან კელიმაც გააკეთა: „საკმაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის. ვცვლით ინფორმაციას, ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს".

ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის სავარაუდო გულშემატკივრების ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ.-ს საქართველოში დაკავებას გამოხმაურებები საერთაშორისო პრესაშიც მოჰყვა. Wall Street Tournal-მა და New York Times-მა ამ თემზე მასალები გამოაქვეყნეს