მეათე წელია იაპონია მიწისძვრის და ფუკუშიმას მსხვერპლთ გლოვობს

ხუთშაბათს, იაპონიამ წუთიერი დუმილით, ლოცვებით და ანტი-ბირთვული პროტესტებით იგლოვა 20 ათასი ადამიანი, რომელიც ათი წლის წინ იაპონიაში მომხდარმა მასიურმა მიწისძვრამ და ცუნამმა იმსხვერპლა. იმ კატასტროფამ ქალაქები დაანგრია და ფუკუშიმაში ბირთვული რეაქტორის გადახურებები გამოიწვია.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური ტალღები ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროს მიაწყდა, დაანგრია ფუკუშიმა და-იჩის ელექტროსადგური და 160 ათასი მცხოვრები იძულებული გახდა ჰაერში გამოფრქვეულ რადიაციას გაქცეოდა.

ასევე ნახეთ: ფუკუშიმას საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

ჩერნობილის შემდეგ, ყველაზე უარესმა ბირთვულმა კატასტროფამ და მიწის რყევამ, გადარჩენილ ადამიანებს დაღუპული ოჯახის წევრებზე გლოვა შეატოვა.

14:46-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ათი წლის წინ მიწისძვრა მოხდა, ტოკიოში, იმპერატორმა ნარუჰიტომ და მისმა მეუღლემ, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად წუთიერი დუმილი გამოაცხადეს. მთელ ქვეყანაში უსიტყვო ლოცვები მოხდა.

პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ თქვა, რომ დაკარგულ სიცოცხლეებზე ფიქრთან შეგუება ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ხსოვნის ცერემონიაზე, შავ სამოსში გამოწყობილმა სუგამ თქვა: “აუტანელია, როდესაც ვფიქრობ იმ ადამიანების გრძნობებზე, რომლებმაც ახლობლები და მეგობრები დაკარგეს.”

ცერემონიაზე, რომელსაც იმპერატორი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ, მონაწილეებს პირბადეები ეკეთათ და დისტანციას იცავდნენ. ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისას მათ არ იმღერეს, რათა კორონავირუსის გავრცელება არ მომხდარიყო.

მთავრობამ რეგიონის აღსადგენად დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ ფუკუშიმას მიმდებარე ტერიტორიები აკრძალულ ზონად რჩება. რადიაციის დონე ჯერ ისევ მაღალია და ბევრი ადამიანი, რომელმაც ეს ადგილი დატოვა, უკვე სხვაგან დასახლდა. დანგრეული ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან ამოღებას ათწლეულები და მილიარდობით დოლარი დასჭირდება. ელექტროსადგურის დასაშლელად, რომლის რეაქტორებში ჯერ კიდევ 880 ტონა საწვავის გამდნარი ნარჩენია, ყოველდღიურად 5 ათასი ადამიანი მუშაობს.