ბრეივიკის ტერაქტს გადარჩენილები მემარჯვენე ექსტრემიზმს უპირისპირდებიან

ასტრიდ ჰოემი ერთ-ერთია, ვინც კუნძულ უტოიაზე, ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა. თავდასხმიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, ჰოემი ტერაქტის დროს განვითარებულ მოვლენებს, იმავე ადგილზე მოზარდებს უყვება - როგორ იბრძოდა გადარჩენისთვის და როგორ მოკლა ბრეივიკმა მის გარშემო მყოფი მეგობრები.

„მან ჩვემს გვერდით მყოფ გოგონას ზურგში ესროლა. მეუბნებოდა - გთხოვ, უთხარი ჩემს მშობლებს, რომ მე ისინი მიყვარს“ - იხსენებს ჰოემი. გოგონა, რომელზეც ის საუბრობს, გადარჩა. ტერაქტს ვერ გადაურჩა საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.

სამდღიან სემინარში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს ჰოე უყვება გადარჩენისთვის, როგორ იდგა გაუნძრველად კლდის ქვეშ, ორი საათის განმავლობაში. როგორ არ ურეკავდა თავის მეგობრებს იმის შიშით, რომ ტელეფონის ზარი ბრეივიკს მათ საპოვნელად ნიშანს მისცემდა. როგორ ფიქრობდა, რომ ნორვეგიაში ომი დაიწყო. სემინარი, რომელზეც ჰოემი 10 წლის წინანდელ ტრაგიკულ ამბებს იხსენებს, მიზნად ისახავს ცნობიერების გაზრდას იმაზე, როგორ უნდა გადაიჭრას კონფლიქტები და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რასისტულ დამოკიდებულებებს.

2011 წლის 22 ივლისს, ვიდრე ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე გამგზავრებოდა და ლეიბორისტული პარტიის მიერ გამართულ ბანაკში მყოფ მოზარდებს ცეცხლს გაუხნიდა, მანამდე ოსლოს ცენტრში, ავტომობილი ააფეთქა. აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა.

კუნძულზე თავდასხმის შემდეგ გადარჩენილებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოზარდი იყო, გადაწყვიტეს ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიას დაუპირისპირდნენ. ბრივიკისთვის თავდასხმის მოტივატორი სწორედ ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგია გახდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვისაუბროთ, რადგან არ მსურს ეს კვლავ განმეორდეს“ - ეუბნება ჰოემი სემინარის მონაწილე მოზარდებს.

ეს უკვე განმეორდა - 2019 წლის მარტში, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი შთაგონების წყარო ბრეივიკი იყო. მაშინ თავდასხმას 51 ადამიანი ემსხვერპლა.

იმავე წელს, მოგვიანებით, ნორვეგიელმა ფილიპ მანშაუზმა ჩინური წარმომავლობის საკუთარი ნაშვილები და მოკლა და სცადა მეჩეთზე თავდასმა.

„ეს მოსაზრებები, შეთქმულებები, სიძულვილი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ“ - აცხადებს ჰოემი საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

ახალი ხედვა

ლეიბორისტლი პარტიის აპრილში გამართულ ყრილობაზე, პარტიამ პირობა დადო, რომ სექტემბრის არჩევენების შედეგად, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ამ პრობლემას მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს. პარტია გეგმავს შექმნას კომისია, რომელიც შიესწავლის ბრეივიკისა და მანშჰაუზის ადრეულ ცხოვრებას, რათა დადგინდეს, რა გახდა რადიკალიზაციის მიზეზი. კომისია ასევე შეისწავლის იმ ნორვეგიელთა საქმეებს, რომლებიც სირიაში ისლამისტი მებრძოლები გახდნენ.

ასტრიდ ჰოემი

„რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები, განსკუთრებით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცები, დავიცვათ ექსტრემიზმისგან. იმ მოსაზრებებისგან, რომლებიც მათ აფიქრებინებთ, რომ შეუძლიათ მოკლან ნებისმიერი, ვისაც არ ეთანხმებიან?! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია სკოლებში, ინტერნეტ-სივრცეში, საზოგადოებაში“ - აცხადებს ჰოემი.

ტერაქტს გადარჩენილებს ასევე სურთ, მსჯელობა გაიმართოს ზოგიერთ ზოგად პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე, რომელიც მათი თქმით, ექსტრემისტული, ძალადობრივი ქმედებების იდეოლოგიურ დასაბუთებას წარმოადგენს.

ბრეივიკს სწამდა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ნორვეგიას უღალატა, რადგან მუსლიმებს იქ ცხოვრების უფლება მისცა. მისი აზრით, ეს იყო მსოფლიო შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ევროპაში დომინანტი რელიგია ქრისტიანობის ნაცვლად ისლამი უნდა გამხდარიყო.

ტერაქტს გადარჩენილები, ზოგიერთი მემარჯვენე პოლიტიკოსის შეხედულებებსა და განცხადებებს, ნორვეგიის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათ მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი მემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებები, მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული ქცევის ლეგიტიმაციას ახდენს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პოპულისტური „პროგრესული პარტია“ რეგულარულად გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რასაც თავად „ჩუმ ისლამიზაციას“ უწოდებენ. პარტია, ასევე გმობს ბრეივიკის თავდასხმას და უარყოფს მოსაზრებას, რომ მათი განცხადებები ხელს უწყობს ულტრა-მემეარჯვენე შეხედულებების წახალისებას.

მაგრამ, ამასთან პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ის განაგრძობს ბრძოლას იმიგრაციის შესაზღუდად.

„პოლიტიკური დებატები მისაღები უნდა იყოს. ჩვენ არ დავუშვებთ გაჩუმება გვაიძულონ. მაშინაც კი, თუ ჩვენზე იარლიყების მოწებების მცდელობა იქნება“ - აცხადებს ახალი ამბების სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას პარტიის ლიდერი, სილვი ლისტაუგი.

ტერაქტს გადარჩენილები ფიქრობენ, რომ თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში უფრო დიდი აქცენტი პოლიციის დაგვიანებულ რეგირებაზე გაკეთდა, ვიდრე ბრეივიკის მსოფლმხედველობაზე.

2011 წლის 22 ივლისს, ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ანდერს ბერინგ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.