ბელარუსის 10-მა მოქალაქემ გერმანიის ფედერალურ პროკურატურას პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და მისი უსაფრთხოების სამსახურების ოფიცრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სთხოვა. ამის მიზეზი კი საპროტესტო გამოსვლების დაშლისას კაცობრიობის წინაშე შესაძლო ჩადენილი დანაშაულებია.
ადვოკატები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებებს წარმოადგენენ, ამბობენ, რომ ისინი იმ კანონმდებლობას გამოიყენებენ, რომელიც გერმანიას უფლებასა და საშუალებას აძლევს იმსჯელოს საქმეებზე, რომლებიც "კაცობრიობის წინააღმდეგ" მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილშია ჩადენილი.
"ყველა კლიენტი საუბრობს უკანონო დაკავებაზე, წამებასა და შეურაცხყოფაზე იმ დღეების განმავლობაში, როდესაც დაპატიმრებულნი იყვნენ. თითოეულ ჩვენს კლიენტს აქვს მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელსაც ახლაც აქვს შედეგები", - ამბობენ იურისტები და განმარტავენ, რომ მათ კლიენტებს მხოლოდ დამოუკიდებელი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა სურთ.
ოფიციალური მინსკი ამ კონკრეტულ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტებს კრიმინალებად და რევოლუციონერებად მოიხსენებდა და ამბობდა, რომ მათ დასავლეთი აქეზებს. სამართალდამცავების ქმედება კი მათივე მტკიცებით ადეკვატური და აუცილებელია.
პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები აგვისტოდან მასობრივად და რეგულარულად გრძელდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.
გერმანიას უნივერსალური მართლმსაჯულების სისტემა აქვს, რომელიც გასულ თებერვალში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. ბრალი მასაც მოქალაქეების წამებაში ედებოდა.