ბოლო ათი თვის მანძილზე, ევროპაში ამერიკის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი უკვე მესამედ ეწვია საქართველოს. ჰოჯესი პირველად ჩვენს ქვეყანაში, 2014 წლის ნოემბერში ჩამოვიდა და სამეთაური-საშტაბო სწავლება „დიდგორს“ დაესწრო;
უკვე მაისში, ამერიკელი სარდალმა, ვაზიანში, ერთობლივ, ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორს“ მიადევნა თვალი და საქართველოს პრეზიდენტისგან „განსაკუთრებული თანადგომისთვის“ „ოქროს სარწმისის“ ორდენიც მიიღო.
ამჯერად, გენერალმა ჰოჯესმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის სახელწოდებაა: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში".
საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დღეს დილით გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა, კონფერენციის მოდერატორის, NATO-ში ამერიკის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის კითხვაზე, თუ რა შეიძლება დაუპირისპირონ ამერიკამ და ევროპამ, რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს? აღნიშნა, რომ NATO-მ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს
„რუსეთი უხეში ძალის გამოყენებით ცდილობს, ევროპის ტერიტორიაზე სუვერენული ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას, ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და უკრაინაში. NATO-ს წევრებმა სამიტზეც აღნიშნეს, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია. ჩვენ შევთანხმდით რომ NATO უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ შეიქმნა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. ეს უფრო მეტ არჩევანს მისცემს პოლიტიკურ ლიდერებს შემაკავშირებელი ფუნქცია შეასრულონ რუსეთთან მიმართებაში ევროპის კონტინენტზე, სამხედრო ძალების გადაადგილება, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
თბილისში საერთაშორისო კონცერენციის მიზანია, ახალი ხედვის შემუშავება, თუ როგორ შეიძლება იმ საფრთხეებზე რეაგირება, რომელმაც მთლიანად დაანგრია, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, შექმნილი ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურა. როგორი უნდა იყოს ახალი ევროპის ახალი არქიტექტურა? მასში ამერიკის, NATO-სა და რუსეთის როლი?!
ახალ ხედვაზე დღეს თბილისში, გარდა გენერალი ჰოჯესისა, ასევე საუბრობდნენ: ლიტვის საგარე მინისტრი ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო მინისტრის მოადგილე პილდეგოვიჩი, ევროკავშირის ყოფილი კომისარი ფულე, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორი კრამერი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი სტეფანინი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ლატვიაში ბონდი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი შევცოვა, სხვა უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
ქართული პოლიტიკური ბომონდი დღეს კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავჯდომარით, თავდაცვის მოქმედი და სამი ყოფილი მინისტრით, გენერალური შტაბის უფროსით. ნიშანდობლივია, რომ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში, აქცენტი რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციაზე გააკეთა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ „მისმა თაობამ წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეორეს.“
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დღეს კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველო, სამწუხაროდ ისევ ვერ იღებს დასავლეთიდან იმ მხარდაჭერას, რომელსაც იმსახურებს
„საქართველო, დღეს, ჩემი აზრით ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს, იმისთვის, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს ევროპულ და ევროატანტიკურ უსაფრთხოებაში. ამიტომ, ჩემი გამოსვლისა და ზოგადად, კონფერენციის მთავარი ფოკუსი უნდა იყოს: თუ როგორც დავიცვათ საქართველო და როგორ დავეხმაროთ უკრაინას, რომ მოვიგერიოთ ეს პირდაპირი აგრესია რუსეთის მხრიდან.“
ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, თბილისში კონფერენციაზე დისკუსიისას, ასევე, განაცხადა, რომ მომავალ გაზაფხულზე, ევროპაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალები, პოლონეთის არმიასთან ერთად, სამხედრო წვრთნებს გამართავენ პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე. ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე მასშტაბული სწავლება, რომელშიც სულ მცირე, 25000 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნა მიმართული იქნება აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დასამშვიდებლად, რომლებიც სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან მათ საზღვრებთან, რუსული იარაღის ხშირი ჟღარუნის გამო.
უკვე, 2016 წლის მაისში კი, ვაზიანში ისევ ვიხილავთ, ამერიკულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ისევ ბულგარეთიდან, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში გამოიგზავნება. ამერიკელმა გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ ამჯერად, ძალიან მნიშვნელოვანია დროის კომპონენტი, 2016 წლის სწავლებისთვის, თუ რამდენად სწრაფად შემოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში.