თბილისში ბოლო 2 საათის განმავლობაში 18 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა," - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულებს შორის არის პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ასევე დაკავებულია მოძრაობა "სირცხვილიას" რამდენიმე წევრი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო პიკეტი სპეცრაზმმა დაშალა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მომიტინგეები.