საქართველოსთან დადებული, 30 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გამო, რომელიც ორი უახლესი, Super Puma-ს შვეულმფრენის მოწოდებას ითვალისწინებს, რუსეთი, ფრანგულ კომპანია Eurocopter-გან, ახსნა განმარტებებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით ემუქრება.
ამ ხელშეკრულებას პარიზში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას მოეწერა ხელი. სააკაშვილი პირადად შეხვდა კომპანია ევროკოპტერის დირექტორს ფილიპ არაშს. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს:
ირაკლი სესიაშვილი: საფრანგეთში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ყიდულობს რამდენიმე ვერტმფრენს, ისინი (ვერტმფრენები) ძირითადად, გამოყენებული იქნება სამაშველო ღონისძიებების დროს, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიანს საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ, არასასიამოვნო ბუნებრივ კატასტროფას. ჩვენ, ამ მიმართულებით გვჭირდება, კიდევ უფრო გაძლიერება.
რუსეთის პოზიცია და პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს, გარკვეულწილად უკავშირდება, საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარებას ან შეიარაღებას, მე ვფიქრობ, არის, უბრალოდ, მორიგი ისტერია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი ჩვენი სავაჭრო გარიგება სხვა და სხვა სფეროებში, შეიძლება, რუსეთმა პირდაპირ დააკავშიროს სამხედრო იარაღთან. ამ ლოგიკით, ნებისმიერი ტრანსპორტი, საჭიროების შემთხვევაში, კრიზისების დროს, შეიძლება გამოყენებული იქნეს თავდაცვის მიზნებისთვის.
სუპერთანამედროვე შვეულმფრენი Super Puma AS332L1-ს როგორ სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულებით, შეიძლება იქნეს გამოყებული. სუპერ პუმას შეუძლია ოთხი ტონა ტვირთის გადატანა და ერთდროულად 22 ადამიანის გადაყვანა, ფრენის მაქსიმალური მანძილი კი 620 კილომეტრია.
მოსკოვში ერთ-ერთმა გავლენიანმა, იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრმა უკვე მოუწოდა ფრანგულ კომპანია ევროკოპტერს გაითვალსიწინოს რუსეთის ინტერესები. ციტატა რუსული ანალიტიკური ცენტრის გავრცელებული განცხადებიდან.
„ ერთადერთი მისაღები ვარიანტი იქნება საქართველოსთვის, სუპერ პუმას ვერტმფრენების მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ვერსიის მიწოდება, რომლის გარდაქმნა სამხედრო მოდიფიკაციის ვერტმფრენად შეუძლებელი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკოპტერმა უნდა გააცნობიეროს, რომ, ის რისკის ქვეშ აყენებს მის ბიზნესს რუსეთში, სადაც ფრანგული კომპანია რამდენიმე მსხვილი პროექტის რეალიზაციას ახდენს. ევროკოპტერის თანამშრომლობის პროგრამა რუსულ ავიაკომპანია იუტეირთან, ღირებულების თვალსაზრისით რამდენჯერმე აღემატება საქართველოსთან პოტენციურ კონტრაქტს.“
დღეისათვის, საქართველოს ავიაპარკი ცხრამეტ შვეულმფრენს ითვლის. მათი დიდი უმტესობა, საბჭოთა წარმოების, რამდენჯერმე გარემონტებული, რესურს ამოწურული ავიამანქანებია.
მართალია, საბჭოთა ან რუსული შვეულმფრენების შენახვა საქართველოს გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, მაგრამ 2009 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სპეციალური ბრძანებულებით, საქართველოსთვის სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აკრძალა.
შესაბამისად, საქართველოს თავისთავად მოუხდა რუსულ ავიაბაზარზე უარის თქმა. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქართულ-ფრანგულ ავიათანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლის.
გრიგოლ ვაშაძე: რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ფრანგული კომპანია ევროკოპტერი დიდი რისკის ქვეშ არის, რომ მოექცეს, რუსეთის სანქციების ქვეშ.
მეორეც ერთი, ყოველგვარი ხელშეკრულება საქართველოსა და საფრანგეთს შორის, არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და სუვერენული უფლება, რომელთანაც რუსეთს არაფერი ესაქმება.
და მესამე; დამიჯერეთ, არავითარ სანქციებს რუსეთი არ შემოიღებს, რადგანაც, რუსეთი სულ უფრო და უფრო არის დამოკიდებული დასავლეთის იარაღის მწარმოებელ კომპანიებზე.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს არის პირველი ნახევრად სამხედრო კონტრაქტი, რომელიც საჯარო გახდა. ომში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვმა პირველ რიგში, შეძლო საქართველოსთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლის ისრაელის დაწმუნება, აღარ გაეგრძელებინა ურთიერთობა თბილისთან. ამას ებრაული წარმოების ტანკების მერკავას პარტიის მოწოდების ჩაშლა მოჰყვა.
ბოლოს, ქართული ინტერესები უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაზარალდა, ახალმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უკრსპეცექსპორტის დირექტორად, რეგიონების პარტიის დეპუტატი დიმიტრი სალამატინი დანიშნა, რომელიც რუსეთის პრემიერის პუტინის ახლო მეგობრისა და თანამებრძოლის, ოლეგ სოსკოვეცის სიძეა.
იარაღის ბაზარზე, საქართველოს ხელისუფლების იმიჯი კორუფციულმა სკანდალმაც დააზარალა, დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც შეიძლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსაც შეეხოთ. ამასთან, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა რის გამოც საქართველო ვეღარ ახერხებს თანამედროვე ტიპის შეიარაღების შეძენას უფრო სერიოზულია.
ირაკლი სესიაშვილი: რუსეთის ხელისფლებამ, გარკვეულწილად, გამოიყენა თავისი ზეწოლის ბერკეტები და ზემოქმედება მოახდინა ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენთან, ამ სფეროში თანამშრომლობდნენ. მართლაც, მათი რიგი შემცირდა, მაგრამ, ძირითადი შემაფერხებელი, რის გამოც, საქართველო ვერ ახერხებს საკუთარი შეიარაღებული ძალების სათანადოდ აღჭურვას, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი.
საქართველოს, განსაკუთრებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს და მის შემდგომ, როდესაც ძირითადი პრიორიტეტი იყო, დევნილების სოციალური უზრუნველჰყობა, მათთვის საცხოვრებელი სახლების აშენება, ასევე სხვა და სხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის, არჩევნებისთვის მზადება. ამ ყველაფერმა, ჩვენ ქვეყანაში, ვერ შექმნა ის გარემო, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა, დამატებითი რესურსი მიემართა ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენისთვის.
საქართველომ პირველად არასაბჭოური შვეულმფრენები 2001 წელს მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაშინ საჩუქრად 10 ცალი, ვიეტნამის ომში გამოყენებული იროკეზი გადმოგვცა. 2002 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი სარგებლობისთვის, ფრანგული დოფინის ტიპის შვეულმფრენი შეიძინეს, რომლითაც დღემდე პრეზიდენტი სააკაშვილი სარგებლობს.
ასე, რომ ფრანგული სუპერ პუმა გახდება მესამე შვეულმფერი შორეული საზღვარგარეთიდან, რომელიც ქართულ ცაში იფრენს. ყოველ შემთხევაში, თბილისში ამის დიდი იმედი აქვთ.