რუსეთის, ჩინეთის და პაკისტანის წარმომადგენლები თალიბანს ხვდებიან

თალიბანის მიერ გამოცხადებული მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ქაბულში რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ მუჰამედ ახუნდის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

"ტვიტერზე" განთავსებულ პოსტს თან ერთვის სამი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები.

დე-ფაქტო მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, თალიბანს შეხვედრაზე საგარეო სამქეთა და ფინანსთა მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები წარმოადგენდნენ. შეხვედრის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსკოვი და პეკინი, ავღანეთთან მიმართებაში, კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ჩინური მედიის ცნობით, 25 აგვისტოს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ სრულად იზიარებს ავღანეთში ჩინეთის პოზიციებსა და ინტერესებს. პუტინმა, ჩინეთთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.