თალიბანი ამერიკას "პრაქტიკული ნაბიჯების" გადადგმისკენ მოუწოდებს

ავღანეთის მმართველი თალიბანი შეერთებულ შტატებს, საკითხების გადასაწყვეტად „პრაქტიკული ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს. მომავალ კვირას, დოჰაში მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.

ყატარის დედაქალაქში დაგეგმილ ოდღიან შეხვედრაზე, ამერიკულ გუნდს ავღანეთში შეერთებული შტატების წარმომადგენელი, თომას უესტი უხელმძღვანელებს.

თალიბანი, ორმხრივი შეხვედრების განახლების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას „კარგ ნაბიჯად“ აფასებს.

„ჩვენ მზად ვართ, შეერთებულ შტატებთან ყველა საკითხი ღია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ და მათთან პოზიტიური ურთიერთობა დავიწყოთ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას შაჰინი, გაეროში თალიბანის წარმომადგენელი.

ასევე ნახეთ: თალიბანი შეერთებულ შტატებს სანქციების მოხსნას სთხოვს

„ბურთი შეერთებული შტატების მოედანზეა, ახლა საჭიროა აშშ-მა გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, ურთიერთობების ნორმალიზებისა და გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად“ - ამბობს შაჰინი.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ თალიბებთან შეხვედრაზე, შეერთებული შტატების წარმომადგენელი, „სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესების“ საკითხებს განიხილავს.

„ეს მოიცავს კონტრტერორიზმს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს უსაფრთხო გადასასვლელს აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელებისთვის, რომელთა მიმართ ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულებები გვაქვს. საკითხები ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას“ - აცხადებს პრაისი.

აშშ-თალიბანის მოლაპარაკებები, ავღანეთში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.

გაეროს შეფასებით, ავღანეთის მოსახლეობის 60 პროცენტი, თითქმის 23 მილიონი ადამიანი, შიმშილის რისკის ქვეშაა.