თალიბანის თავდასხმის შედეგად ავღანეთში, სულ ცოტა, 13 პოლიციელია დაღუპული

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამთენიისას თალიბანის მებრძოლების თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 13 პოლიციელი დაიღუპა. ამ ფონზე, თალიბანის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ძალადობის შესამცირებლად და შეჩერებული სამშვიდობო პროცესის გასანახლებლად.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბაღლანის პროვინციაში შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში ჯაშუშის დახმარებით შეიჭრა. პოლიციის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმას” დაუდასტურა, რომ თავდასხმის შედეგად პოლიციის განყოფილების უფროსიც დაიღუპა. მან დასძინა, რომ მსხვერპლი დიდია, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი ადამიანია დაღუპული.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედია საშუალებებს განცხადება გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ დაღუპულია 17 პოლიციელი და ასევე ჰყავთ, სულ ცოტა, ერთი მძევალი. თალიბანი მსხვერპლის შესახებ განცხადებებს ხშირად ავრცელებს, თუმცა მათი მონაცემები, მეტწილად, გაზვიადებულია ხოლმე.