ტაივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს უკვე წარუდგინა ოფიციალური მოთხოვნა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის შეძენის თაობაზე. მათ შორისაა 100-ზე მეტი ახალი ტანკი - "აბრამსის" ტიპის და 1500-მდე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, ასევე 250 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა. ამ ნაბიჯს კრიტიკით გამოეხმაურა ჩინეთი, თუმცა ტაივანი აცხადებს, რომ ეს "ნორმალური" და ჩვეულებრივი შესყიდვაა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერმა გენგ შუანგმა ვაშინგტონს მოუწოდა, დარჩეს "ერთიანი ჩინეთის" პრინციპის მხარდამჭერი და სრულად გაიაზროს საქმის სენსიტიურობა და ის სერიოზულლი ზიანი, რაც მძიმე სამხედრო ტექნიკის ტაივანისთვის მიყიდვას შეიძლება მოჰყვეს.
1949 წლის სამოქალაქო ომისა და ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფის შემდეგ, პეკინი კუნძულს კვლავ საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და პირობას დებს, რომ თუკი საჭირო გახდა, მის დასაბრუნებლად ძალასაც გამოიყენებს.