მადლიერების დღის მენიუ ინდიელთა მუზეუმში

ტრადიცია სათავეს მე-17 წაუკუნიდან იღებს, როცა ბრიტანელი ახალმოსახლეები ინდიელებთან ერთად ერთ სუფრას უსხდებოდნენ

Your browser doesn’t support HTML5

ტრადიცია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს

მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახური დღესასწაულია. ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ფედერალურ უქმედ არის გამოცხადებული. საღამოს იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომლის მთავარი ატრიბუტი სხვადასხვა ვარიაციებით და რეცეპტით მომზადებული მრგვალად შემწვარი ინდაურია. საწებლად ორნაირ საწებელს, შტოშის და ინდაურის ცხიმით დამზადებულ სოუსს, იყენებენ. სუფრაზე უნდა იყოს გოგრა, კარტოფილის პიურე, სიმინდი, მწვანე ლობიო, მჭადი და პური. დესერტის მენიუ ერთი ან რამდენიმენაირი ხილის ღვეზელისგან შედგება, რომელიც ვაშლით, ტკბილი კარტოფილით, გოგრით, ან ნიგვზით ცხვება.

ტრადიცია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს, როცა ბრიტანელი ახალმოსახლეები ინდიელებთან ერთად ერთ სუფრას უსხდებოდნენ. ამ დღეს, და ხშირად მთელი კვირის მანძილზე, ამერიკული რესტორნები და კაფეები კლიენტებს განსაკუთრებული კერძებით უმასპინძლდებიან.

მადლიერების დღის ტრადიციული მენიუ კაფე „მიციტამში“ არც ისე პოპულარულია. ამერიკელ ინდიელთა ეროვნული მუზეუმის კაფეს ვაშინგტონში არამარტო გემრიელი კერძებით, არამედ პიკანტური შტრიხებითაც იცნობენ.

„ყოველთვის რაღაც ახალს შევიტყობ ხოლმე. გემრიელი სადილია და თან საინტერესო რაღაცეებს ვსწავლობ“ - ამბობს მარჯერი ჰასი, მისი ერთ-ერთი კლიენტი. თავად მუზეუმი მნახველს ინდიელი ამერიკელების კულტურას და ისტორიას აცნობს. შეფ-მზარეული რიჩარდ ჰეთზლერი სტუმრებს კულინარიაში მინი-გაკვეთილებსაც სთავაზობს.

„მენიუს სეზონების მიხედვით ვცვლით. ვცდილობთ, კერძები იმ ბოსტნეულით მოვამზადოთ, რომელსაც წლის ამ დროს ინდიელები იყენებდნენ“ - გვეუბნება კაფე „მიციტამის“ მთავარი მზარეული.

ნოემბერში გოგრა და ყაბაყი ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში განსაკუთრებით პოპულარულია. ძირხვენებსაც იყენებენ, მათ შორის - არც თუ ისე პოპულარულებს.

„ეს შავი ბოლოკია, რომელიც ბევრმა არც იცის, რომ იჭმევა და სასარგებლოა. ფერმერების ბაზარზე ჩავუვლით ხოლმე და ვფიქრობთ, ნეტა ამით რას ამზადებენ?“ - ამბობს მზარეული და დიდი ჭარხლისხელა შავ ძირხვენას გვაჩვენებს.

ოდნავ ზეთში შეწვით, ძალიან გემრიელი სალათი გამოდის. ჰეთზლერს უნდა, რომ სადილის კეთების დროს ექსპერიმენტებიც ჩავატაროთ. ახლა ის ერბოში შემწვარ ალიგატორს ამზადებს. მისი თქმით,:

„ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც მუზეუმში დადის, მზად არის ახალი კერძი გასინჯოს, თუნდაც ეს მისი კომფორტის ზონის გარეთ იყოს“ .


ალიგატორის ხორცი პირველ მადლიერების დღეზე არ იქნებოდა. თუმცა, ჰეთზლერი თვლის, რომ მცირე იმპროვიზაცია არავის აწყენს და სტუმრებს შებოლილ იხვს სთავაზობს თეთრი ჭარხლის სოუსით. რაც შეეხება „საკოტაშს“, რომელიც ჭყინტი სიმინდით, მწვანე ლობიოს მარცვლებით და ყაბაყით მზადდება.

„საკოტაში, ტრადიციული კერძია და პირველ მადლიერების დღის სუფრაზეც აუცილებლად იქნებოდა“ - ამბობს ჰეთზლერი.

მენიუში რა თქმა უნდა ტრადიციული ინდაური და შტოშის სოუსიც არის. თუმცა, კაფე „მიციტამში“ ტრადიციული კერძებისთვის იმდენად არ დადიან.

„ჩვენი კაფე ცოცხალ გამოფენად გადაიქცა, სადაც ტრადიციულ, თუ ექსპერიმენტულ გემოს და სუნს, შეიგრძნობ“ - ამბობს „მიციტამის“ შეფ-მზარეული და ყველას მადლიერების დღეს ულოცავს.