სირიელი დევნილები დახმარებას ითხოვენ

ლიბანში და იორდანიაში მცხოვრებ სირიიდან დევნილებს მკაცრი ზამთრის პირობებთან გამკლავება უჭირთ

Your browser doesn’t support HTML5

სირიელი ლტოლვილები


ზამთრის შტორმმა რომელიც თავს დაატყდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით სირიიდან დევნილები დააზარალა, რომლებიც ამინდის გაუარესებას ელოდებიან. შექმნილ მდგომარეობაზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ქაიროდან მოგვითხრობს.

თითქოს მილიონობით სირიელს ისედაც არ აკლდა პრობლემები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო წარმოიშვა. ქვეყანაში ზამთარი ნაადრევად დადგა.

აღმოსავლეთ ლიბანის ტერიტორიაზე გადახვეწილი დევნილები, რომლებიც ბანაკებში ცხოვრობენ თოვლის და ყინვის გამო იტანჯებიან.

ომარი: ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, გვჭირდება ნავთი, კარვები. დახმარება არავის შეუთავაზებია.

დევნილების დახმარებას ზოგიერთი ორგანიზაცია მაინც ცდილობს. ბეირუთში მდებარე გაეროს დევნილთა დახმარების ცენტრისთვის ეს პრობლემები ცნობილია. გაეროს ბეირუთის ცენტრის პრესსპიკერი რობერტა რუსო საუბრობს.

რობერტა რუსო: ლიბანში ამჟამად სირიიდან დევნილი 830 000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ყველაზე მეტად ახლა იმ 120 000 ადამიანის ბედი გვაწუხებს, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ. იქ არიან ოჯახები, ათასობით ბავშვი, რომელთა მდგომარეობაზეც ზამთრის სიცივე და ამინდი უარყოფითად მოქმედებს.

იორდანიაში, რომელიც ახლა ნახევარი მილიონი სირიელის საცხოვრებელი გახდა, მდგომარეობა თოვლის გარეშეც მძიმეა. ზატარში, გაეროს კუთვნილ დევნილთა კარვებში წვიმა ჩადის.

აბუ რაფატი: ერთი ტრაგიკული სიტუაციიდან მეორეში აღმოვჩნდით. ზატარში ახლა არ თოვს, თუმცა სიცივე და წვიმა საკმარის დისკომფორტს ქმნის. მისი თქმით, ისინი ტრაგიკულ მდგომარეობაში არიან.

დევნილებისთვის სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე ზამთარია. პერსპექტივა რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ, არ ჩანს. ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ ცოტა ხნის წინ ევროპის ქვეყნებს დიდი თხოვნით მიმართა რომ დევნილებისთვის უკეთესი თავშესაფრის უზრუნველყოფა მოეხდინათ.

ის ვინც სირიაში ნებაყოფლობით დარჩა, ზამთრის პრობლემებს შეძლებისდაგვარად უმკლავდება. დამასკოს ზოგიერთმა მცხოვრებმა ამინდის შესაბამისად მომზადება შეძლო, თუმცა მათ მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს, რომლებიც ახლა სიცივის გამო იტანჯებიან.

აჰმედ აბდენი: ბევრმა ვერ იშოვა ნავთი იმისათვის რომ გათბეს. ზოგიერთმა კი სახლიც დაკარგა.

მსოფლიოს სასურსათო პროგრამა აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის საკვები პროდუქტების და გასათბობად საჭირო საწვავის მიწოდება დაიწყო.

თუმცა რთულ რეგიონებში მდგომარეობას ამინდი და ომი კიდევ უფრო ართულებს. უფლებათადამცველი ორგანიზაციები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცივის გამო ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა. ზამთარი კი სულ ახლახან დაიწყო.