ამერიკა და რუსეთი სირიის საკითხებზე მსჯელობენ

პრეზიდენტ ასადთან დაკავშირებით რუსეთის ძირითადი პოზიცია ნარჩუნდება, თუმცა - მცირეოდენი ცვლილებებით

Your browser doesn’t support HTML5

სირია

ვაშინგტონის და მოსკოვის ოფიციალური პირები ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე ჩავიდნენ. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან უკვე მეორე წელი გადის. 21 თვის მანძილზე დიპლომატთა შეხვედრების ნაკლებობა არ შეიმჩნეოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება.

დაპირისპირებული მხარეები ინტენსიურ შეტევებს აგრძელებენ. სირიის ქალაქები და სოფლები ინგრევა, ათობით ათასი ადამიანი იღუპება და ასობით ათასი იძულებულია მეზობელი ქვეყნების მტვრიან, მხოლოდ მინიმალური საარსებო საშუალებებით მოწყობილ დევნილთა ბანაკებს შეაფაროს თავი.

ძალზე მცირე ნიშანია იმის, რომ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას როგორმე ვუახლოვდებით“ - აცხადებს კრის დოილი. ის ორგანიზაცია არაბულ-ბრიტანული ურთიერთგაგების საბჭოს დირექტორია.


„საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, როგორიცაა შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის, ან კიდევ წამყვან რეგიონალურ ძალებს - საუდის არაბეთს და ირანს შორის, გამოსავლის მოძებნას ხელს უშლის. ერთიანი, უმრავლესობის მიერ შემუშავებული მტკიცე პოზიციის არარსებობა მოლაპარაკებათა პროგრესს აფერხებს“ - დასძენს კრის დოილი.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კვლავ გამომწვევად იქცევა. მისი ახლანდელი გამოსვლა, რომელიც დამასკოში ხელისუფლების ადგილობრივ მხარდამჭერებთან გაიმართა, ამის უტყუარი დასტურია. თუმცა დოილი სხვა ექსპერტებთან ერთად იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ასადის საერთაშორისო მხარდაჭერაში ბოლო თვეების მანძილზე ბზარი გაჩნდა. სირიის მთავრობის დიდი ხნის მოკავშირე, რუსეთი სხვადასხვა სახის სიგნალებს იძლევა. მათ შორის იმასაც აღარ მალავს, რომ პრეზიდენტის დამხობის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება და ხელისუფლების შეცვლის პრობლემა არ აწუხებს, თუკი ახალი მთავრობა მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

ანალიტიკოსი ენტონი სკინერი საკონსულტაციო კომპანიიდან მეფლკროფტი „ამერიკის ხმას“ სკაიპით ესაუბრა.

„რუსეთი ორივე კარში თამაშობს. ძირეული პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ მოსკოვი სირიის ოპოზიციასთანაც ცდილობს კომუნიკაციის უფრო ფართო არხის გაჭრას და ურთიერთობის განვითარებას“ - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ იგივე არ ითქმის სირიის ყველაზე მთავარ უცხოელ მოკავშირე, ირანთან მიმართებაში.


„თეირანს და დამასკოს შორის ურთიერთობა ირანისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. ადგილობრივ და რეგიონალურ პოლიტიკაში ამას იმდენად სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება, რომ დიდ ცვლილებებს ელემენტარულად აზრი ეკარგება“ - აღნიშნავს ენტონი სკინერი.

ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სირიის კრიზისის გადაწყვეტა უახლოეს მომავალში არ მოხდება. თუმცა, კრის დოილი ოპოზიციის და დასავლეთის როლის გაძლიერების პროგნოზს აკეთებს.


„გარდამავალი ეტაპი გვჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი იქ უნდა იყოს, თუნდაც სიმბოლური ფიგურის სახით. მის საბოლოო განდევნამდე ეს გარემოება ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რათა გამოსავლის მოძებნა გაიოლდეს“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

დოილის თქმით, ერთი, ან ორივე მხრიდან განხორციელებული გარკვეული დრამატული ნაბიჯების გარეშე სამოქალაქო ომი უსაშველოდ გაიწელება. და ყველაფერი იმდენად მძიმე ფორმებს მიიღებს, რომ საბოლოო ჯამში შესაძლოა სირიისთვის დიდი მნიშვნელობა აღარც ჰქონდეს იმას, თუ რომელი მხარე დარჩება გამარჯვებული.