სირია მთელ ახლო აღმოსავლეთს კრიზისით ემუქრება

ჟენევაში, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და მისი საფთხეები განიხილეს

Your browser doesn’t support HTML5

სირია


ანტონიო გუტიერესი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს სირიაში მიმდინარე კრიზისის დარეგულირებისკენ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგან. გუტიერესის თქმით, სიტუაცია ძალზე ფეთქებადია და ის მთელ ახლო აღმოსავლეთს კონფლიქტში ჩათრევით ემუქრება.

სირიის კონფლიქტის მთელ რეგიონზე გავრცელების საშიშროება ფუჭი გაფრთხილება არ გახლავთ. სასწრაფო ზომებია მისაღები, რათა სხვა ქვეყნების ჩათრევის უზომოდ დიდი რისკის არიდება მოხდეს. ესკალირებული პოლიტიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის განეიტრალება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელ სახელმწიფოებში სტაბილურობის შენარჩუნებას ვერანაირი მოცულობის საერთაშორისო დახმარება ვერ უზრუნველყოფს“ - აღნიშნავს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის მეზობელ ქვეყნებს, დევნილებისთვის საზღვრები ღია დატოვონ. თუმცა, ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიელ ლტოლვილთა რაოდენობა კრიტიკულია და მეგობარ სახელმწიფოებს ფაქტიურად ანგრევს.

ვალერი ამოსი, ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი გაეროში, ამ თემაზე საუბრისას უკვე ტერმინ „რეგიონალურ კრიზისს“ ხმარობს, და არა კრიზისს სირიაში, რომელსაც რეგიონალური მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სირიას ქვეყნის შიგნით მიეწოდება, ძალზე უმნიშვნელოა.

„მართალია, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ დაზარალებულ სირიელებს დახმარება აღმოუჩინონ, მაგრამ მისიების მუშაობაში არსებული ხარვეზები, მაინც გასათვალისწინებელია. ჩვენ კარგად ვიცით, თუ სად იმყოფება ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობა, მაგრამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მილიონობით ადამიანამდე რეგულარული და შეუფერხებელი დახმარების მიწვდენის საშუალება არ ეძლევა“ - აცხადებს ვალერი ამოსი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ჟენევაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. საბჭოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატებიდან, როზმარი დიკარლომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ 15-ვე წევრი ერთიანდება იმ საკითხში, რომ ჰუმანიტარულ მისიებს დაზარალებულ სირიელებთან ხელმისაწვდომობა უნდა გაეზარდოს. დიკარლოს თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ურთულეს პირობებში უწევთ იქ მუშაობა და ისინი ადასტურებენ, რომ უამრავი სირიელი ჰუმანიტარულ დახმარებას აბსოლუტურად მოწყვეტილია.

„არსებულ რეჟიმზე საერთაშორისო წნეხის გაზრდისკენ მოვუწოდებთ. მათ უნდა უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სირიის საზღვრებზე. ბიუროკრატიული ბარიერები უნდა შეამცირონ და არსებული დაბრკოლებები მოგვიხსნან, რათა დახმარება მივაწოდოთ მათ, ვისაც ის ძალიან სჭირდება“ - ამბობს გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი.

შეერთებული შტატების წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ უშიშროების საბჭოს ყველა წევრის დიდი სურვილია სირიაში მიმდინარე ბრძოლების შეწყვეტა. თუმცა, როზმარი დიკარლო იმასაც აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრებთან პირადი საუბრებიდან გამომდინარე, გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ სირიასთან დაკავშირებით მათ საერთო ენის გამონახვა ორ წელიწადზე მეტია ვერ მოახერხეს, თუნდაც ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის საკითხებში.