თურქეთის თავისტკივილი

სირიის დამანგრეველი ომის გავლენა თურქეთზე უკვე ასახულია

Your browser doesn’t support HTML5

სირია-თურქეთი

სირიაში კონფლიქტი ყოველდღიურად მძიმდება. თურქეთი კი დევნილთა პრობლემებზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას ითხოვს. სირიაში მიმდინარე ამბოხების პარალელურად ქურთების გააქტიურებაც აშკარა ხდება. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებოდა.

თურქეთის და სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ ანტაკიას ბაზარი საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან სავაჭრო ცეტრს წარმოადგენდა, სადაც აბრეშუმის გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა. ამიტომაც, აქ რელიგიური დაპირისპირება ხშირად ხდებოდა. ქალაქიდან სირიის საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრია. ბოლო პერიოდში ანტაკია სირიელი ამბოხებულების მთავარ შტაბბინად იქცა. ჰატაის სასაზღვრო პროვინციაში აშკარად იგრძნობა, რომ თურქეთი სირიის კონფლიქტში სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება. წლის დასაწყისში, „ამერიკის ხმა“ სწორედ აქ ესაუბრა სირიელი ამბოხებულების ერთერთ მეთაურს ომარ ალ-მუხტარს.

როგორც მუხტარმა განაცხადა, ამბოხებულებს არასაფრენი ზონის დასაწესებლად საერთაშორისო დახმარება სჭირდებათ, რადგან სამთავრობო ავიაციის დარტყმები აიცილონ თავიდან.

პრეზიდენტ ასადის სამხედრო ავიაცია კვლავ აქტიურია და ამბოხებულთა პოზიციებს უტევს. ოქტომბერში, მას შემდეგ რაც სირიის არმიის საარტილერიო ჭურვები თურქეთში ჰატაის პროვინციაში ჩამოვარდა, თურქეთის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ფადი ჰაკურა ლონდონის ჩეთემ ჰაუსში თურქეთის საკითხების ექსპერტია. ის ამბობს, რომ თურქეთი დიპლომატიური როლიდან უკვე გამოსულია.

„მან გადაამეტა თავის გავლენას ბაშარ ალ-ასადთან დაპირისპირებაში. თურქეთის ხელისუფლება ელოდებოდა რომ ასადის რეჟიმი მალე დაემხობოდა, თუმცა ეს არ მოხდა. რაც ეხლა სირიაში ხდება, ამას გაჭიანურებული და დამანგრეველი სექტარული სამოქალაქო ომი შეიძლება ეწოდოს. ეს არის ის, რასაც თურქეთი არ ელოდა,“- აცხადებს ფადი ჰაკურა.

სირიის დამანგრეველი ომის გავლენა თურქეთზე უკვე ასახულია. სირიელი დევნილების ნაკადმა ყოვედღიურად 2000 ადამიანს გადააჭარბა. მათი დიდი ნაწილი სახელდახელო ბანაკებში ცხოვრობს, სადაც მდგომარეობა ზამთრის დადგომასთან ერთად უარესდება. ანკარა დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

„ამ დროისთვის იქ შესაძლოა 150 ათასიდან 200 ათასამდე დევნილი იყოს. თურქეთს კი ვაშინგტონის ნებართვის ან კოორდინაციის გარეშე სირიასთან ბუფერული ზონის შექმნა არ შეუძლია,“ - ამბობს ფადი ჰაკურა.
სირიის კონფლიქტმა თურქეთს ქურთული პრობლემა კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრა. სირიელი ქურთები ამჟამად ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. რობერტ ლოუვი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკოსია.

„თურქეთისთვის ჩრდილოეთ სირიაში ქურთული ავტონომიის შექმნა საკმაოდ დიდი პრობლემაა. ეს მათთვის მთლიანად მიუღებელია და არ ვფიქრობ, რომ იცოდნენ თუ როგორი პასუხი უნდა გასცენ.ასევე მათ აღელვებთ, რომ ეს ფაქტორი ქურთულ მუშათა მოძრაობას გააძლიერებს, “ - ამბობს რობერტ ლოუვი.

მისი თქმით, თურქეთისთვის ლიბანის საკითხიც საკმაოდ მტკივნეულია, სადაც სექტარული დაპირისპირება ძლიერდება. მართალია, ბოლო პერიოდში სირიელი ამბოხებულები გარკვეულ წარმატებას აღწევენ, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ორივე მხარეს თანაბარი ძალები გააჩნია. შესაბამისად, 2013 წელს სირიაში სამოქალაქო ომის გაგრძელებას უნდა ველოდოთ.