რუსეთის საგარეო პოლიტიკა

ე.წ. არაბული გაზაფხულის პროცესებში მოსკოვი უმეტესად წამგებიან პოზიციებს იკავებს

Your browser doesn’t support HTML5

სირია

სირიაში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რუსულ ავტომატებს, ტანკებს და რაკეტებს იყენებს. თუმცა, მოსკოვი ცდილობს ასადის მთავრობასთან კრემლის ასოცირება აღარ მოხდეს.

ჩვენ ასადის ბედით შეშფოთებული არ ვართ. სავსებით გასაგებია, იქ რაც ხდება და ის, რომ ოჯახი უკვე 40 წელიწადია ხელისუფლების სათავეში იმყოფება. რა თქმა უნდა, ცვლილება მომწიფებულია. ჩვენ სულ სხვა რამ გვაწუხებს: რა იქნება შემდეგ?“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

რას ფიქრობენ მის პოზიციაზე ლიბანის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სადაც სირიელ ლტოლვილთა ტევა არ არის? დიბ აბდელ ხალიკი ქველმოქმედთა ჯფუფს ხელმძღვანელობს, რომელიც დევნილებისთვის გაწეული დახმარებების კოორდინირებით არის დაკავებული.

ხალიკის თქმით, არაბებისთვის აქამდე ერთი ისრაელი იყო პრობლემა, ახლა კი რუსეთის სახით ახალი თავისტკივილი გაჩნდა.

სირიაში სუნიტი ამბოხებულები რუსულად მოლაპარაკეთა დაშინებას ცდილობენ. მათ უკრაინელი ჟურნალისტით, ანჰარ კოჩნევათი დაიწყეს, რომელიც ნოემბერში გაიტაცეს. რუსეთის საზღვაო ფლოტი უკვე საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება.

ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტრიპოლის მცხოვრები, სუნიტი შეიხ ვალიდ ტაბუში ამბობს, რომ რუსეთმა არაბულ სამყაროში მხარდაჭერა უკვე დაკარგა.

ის ამტკიცებს, რომ რუსეთს არც სირიელი ხალხი და არც მთლიანად არაბული სამყარო არასოდეს ენაღვლებოდა.

თუმცა, ტრიპოლიდან მხოლოდ კილომეტრში მდებარე ლიბანური სამხედრო დაჯგუფების ლიდერი, შიიტი აბო ალი ზუმარი პრეზიდენტ პუტინს აღმერთებს და ამბობს, რომ ის ნამდვილი, ერთგული მეგობარია და ლხინშიც და გასაჭირშიც სირიის გვერდში დგას. იმის გათვალისწინებით, რომ მუსლიმთა შორის 80 პროცენტი სუნიტია (მათ შორის რუს მუსლიმთა დიდი უმრავლესობაც), რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობა დიდი არ უნდა იყოს. შიიტების მიერ კონტროლირებად ორ დიდ ძალად ირანი და სირია ითვლება.

ბეირუთში პოლ სალემი კარნეგის ახლო აღმოსავლეთის ცენტრში ანალიტიკოსად მუშაობს. მისი თქმით, პუტინმა სირიასთან მიმართებაში მორიგი დამარცხებისთვის განწირული ნაბიჯი გადადგა.


„აქედან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ რუსეთმა დასაწყისშივე იმდენად ძლიერი პოზიცია დაიკავა, რომ შემდეგ უკანდახევა გაუჭირდა და ჩაძირულ გემს დღესაც დაბეჯითებით თან მიჰყვება“ - აცხადებს ანალიტიკოსი.

ეს ყოველივე კი, მისი თქმით, რუსეთის გავლენას არაბულ სამყაროზე თანდათან ასუსტებს. მსგავსი ქმედება რუსეთის იმიჯს, მის პროფილს არამარტო ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში აყენებს უზარმაზარ ზიანს, არამედ მთლიანად არაბულ სამყაროში და მუსლიმთა დიდ უმრავლესობაში.

“ძალიან ძვირი დაუჯდებათ და თან ყოველგვარი მოგების გარეშე” - აღნიშნავს პოლ სალემი კარნეგის ახლო აღმოსავლეთის ცენტრიდან.

სპეციალისტების აზრით, რუსეთმა ე.წ. არაბული გაზაფხულის მოვლენები არაადეკვატურად შეაფასა. მოსკოვმა არასწორი გათვლებით ფსონი ჯერ ტუნისის, შემდეგ კი ეგვიპტის დამარცხებულ მხარეებზე დადო. ამჟამად ჯერი სირიაზეა და როგორც ჩანს, რუსეთი ისევ ძველ შეცდომებს იმეორებს და წამგებიან პოზიციებს იკავებს.