სირიაში ბავშვები დაიღუპნენ

სალქინზე შეტევას 5 ბავშვი შეეწირა
სირიელი აქტივისტების ცნობით, ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის დაბომბვა განაახლეს. დაღუპულია 12 ადამიანი. ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაცია - სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება, რომ თურქეთის საზღვართან სირიის ქალაქ სალქინზე შეტევას 5 ბავშვი შეეწირა. აქტივისტთა კიდევ ერთი ჯგუფის - ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის მონაცემებით, სულ 30 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციის დაზუსტება დღევანდელი მსხვერპლის შესახებ დამოუკიდებელი წყაროებით არ ხერხდება. სირიის ხელისუფლება საერთაშორისო ჟურნალისტებს ქვეყანაში მუშაობის უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევს.

სამოქალაქო ომის რადიუსი ფართოვდება და ჩრდილო-დასავლეთით ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება. კვირას თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ქამიშში მანქანა ააფეთქა. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით კი, აქამდე შედარებით მშვიდ რეგიონში უსაფრთხოების 8 თანამშრომელი გარდაიცვალა.