ჯონ კერი სირიის ქმედებას იწონებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაეროს რეზოლუციიდან ერთ კვირაში ქიმიური იარაღის განადგურების დაწყებას მიესალმება
სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი „განსაკუთრებით მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სირიაში ქიმიური არსენალის განადგურება, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებიდან, სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყო. საერთაშორისო ინსპექტორები ქიმიური იარაღის განადგურებას გუშინ შეუდგნენ.

„ვერ ვიტყვი რა მოხდება რამდენიმე თვის შემდეგ, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია და ჩვენ მას უნდა მივესალმოთ“
- განაცხადა დღეს შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ის ინდონეზიაში რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი, როგორც სირიის მოკავშირე, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ასადის მთავრობამ თანამშრომლობა გააგრძელოს.

კერი და ლავროვი მოლაპარაკების თანახმად, არაბული ლიგის ელჩს ლახდარ ბრაჰიმსაც შეხვდებიან და შეეცდებიან მას ნოემბრის თვეში სირიის საკითხებზე სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებაზე შეუთანხმდნენ.