საგანგებო დესპანი სირიაში ჩავიდა

ლაკდარ ბრაჰიმი ოფიციალურ შეხვედრებს დღესვე დაიწყებს
გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანი სირიის დედაქალაქში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. წარმოშობით ალჟირელი ლაკდარ ბრაჰიმი შეეცდება სირიის მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო პროცესების დაწყებაზე დაითანხმოს.

საგანგებო დესპანის სპიკერის თქმით, ის ოფიციალურ შეხვედრებს დღესვე დაიწყებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკების თაობაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა კვირის დასაწყისში აღნიშნა, რომ მათ შორის შეხვედრა მალე შედგებოდა.

სირიაში ჩასვლამდე ბრაჰიმი ქაიროში არაბული ლიგის ლიდერებს შეხვდა. გაეროს ანგარიშით, 18 თვის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას 20 ათასამდე ადამიანი შეეწირა.