"შოკისმომგვრელი ესკალაცია" სირიაში

სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში მოხდა
სირიელი აქტივისტების ცნობით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის მიერ დღეს მოწყობილ იერიშში. სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში მოხდა და უფლებადამცველების მტკიცებით, მასში „მომწამლავი აირიც“ იქნა გამოყენებული.

ხალედ სალეჰის, მთავარი ოპოზიციური ძალის -სირიის ეროვნული კოალიციის-სპიკერის თქმით, „რეალურად ეს არის კაცობრიობისთვის, გაეროსთვის და სირიის მეგობრებისთვის სახეში სილის გაწნა“. ის იერიშს „შემზარავს“ უწოდებს და ამბობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე, 1 300-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, უილიამ ჰეიგი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე და აცხადებს, რომ თუკი ინფორმაცია დადასტურდა, ეს მდგომარეობის „შოკისმომგვრელ ესკალაციას“ მოასწავებს.

სირიის ხელისუფლებამ იერიშში ქიმიური იარაღის გამოყენება მაშინათვე უარყო. დამასკო აგრძელებს ამბოხებულების ტერორისტებად მოხსენიების პრაქტიკას. სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ რეგიონში მყოფი ტერორისტები გაანადგურეს.