სირია და რუსეთი აცხადებენ, რომ ისრაელმა სირიის ავიაბაზა დაბომბა

სირიის და რუსეთის განცხადებით, დღეს, ლიბანის საჰაერო სივრცეში მყოფმა ისრაელის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა, ცენტრალურ სირიაში განლაგებულ ავიაბაზაზე თავდასხმა მოახდინა.

ჰომის პროვინციაში განლაგებულ „ტი 4“ ბაზაზე იერიშის თაობაზე, ისრაელის სამხედრო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთში დაფუძნებული, „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის“ თანახმად, 14 ადამიანი, მათ შორის ირანელი სამხედროები დაიღუპნენ.

თებერვალში, ისრაელმა ირანის შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო, რომ ამ ობიექტიდან ისრაელის ტერიტორიაზე დრონი გაგზავნა. ამის პასუხად, სირიის ტერიტორიაზე საჰაერო დაცვის და ირანის სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა და ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ზიანის მიყენებას მათთვის, ვინც ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდებოდა.

სირიის სახელმწიფო მედია, თავდაპირველ შეტყობინებებში ბრალს შეერთებულ შტატებს სდებდა, რომელიც საფრანგეთთან ერთად მომხდარზე პასუხისმგებლობას უარყოფდა.