გაერო რეაგირებას ვერ ასწრებს

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მოვლენების სწრაფი განვითარების გამო გაერო ადეკვატურ რეაქციას ვერ ასწრებს
ვალერი ამოსი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წინაშე სირიის საკითხებზე სპეციალური მოხსენებით გამოდის. დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ამოსი ჟურნალისტებს ბრიფინგზე შეხვდა. მისი თქმით, სირიაში გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გაერო შესაბამის რეაგირებას ვერ ასწრებს.

„გულახდილი რომ ვიყო, ჩვენი დახმარების სისწრაფე სირიაში მიმდინარე მოვლენების დინამიკას საკმაოდ ჩამორჩება. სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად ფასების სწრაფი ზრდაც ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მომდევნო 6 თვის დახმარებისთვის ჩვენ 1.5 მილიარდი მოვითხოვეთ. ეს გაანგარიშება უკვე ვადაგასულია. გასული წლის ბოლოს გაკეთებული პროგნოზები დღეისთვის უზუსტო და დაგვიანებული გამოდგა“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო:



ვალერი ამოსი აღნიშნავს, რომ 2013 წლის იანვარ-თებერვლის მოვლენები სურათს კარდინალურად ცვლის: ის რაც უკვე გაკეთდა გაეროს მიერ, ან რაც იგეგმება, სირიელი ხალხის ჰუმანიტარულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი ოფიციალური პირი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან, უდო იანცი ამბობს: „შესაძლოა ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როცა სირიელი დევნილებისგან მეზობელ ქვეყნებში შექმნილი სიტუაციის გამო საკუთარი დასკვნების გადახედვა მოგვიწიოს“. მისი თქმით, იანვრის პირველი კვირიდან დაწყებული, ყოველკვირა სირიას სულ ცოტა 40 ათასი დევნილი ტოვებს.

„ლიბანში და იორდანიაში უკვე 400 ათას იძულებით გადაადგილებულ სირიელზეა ლაპარაკი. თურქეთში მათი რაოდენობა 300 ათასსს აღწევს, ერაყში 100 ათასს. ათასობით სირიელი კიდევ უფრო შორს წავიდა და ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას მიაღწია“ - აცხადებს უდო იანცი.

ამას გარდა 30 ათასზე მეტი პალესტინელი, რომლებიც თავის დროზე სირიამ შეიფარა, ლიბანში გაიქცნენ.

„ჩვენ ყველასგან დაპირება მოვისმინეთ. ახლა უნვა ვნახოთ, ვინ რა შემოწირულობას გაიღებს. თვითონ კომისარიატს ბიუჯეტი ძალზე ლიმიტირებული აქვს, მითუმეტეს იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ამ რეგიონშია“ - აღნიშნავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი.

კუვეტიში 30 იანვარს დასრულებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნებისგან მიღებული დაპირებების მიხედვით, სირიელ დევნილთათვის გამოყოფილი დახმარების ფონდი 1.5 მილიარდ დოლარს აღწევს. თუმცა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში ვალერი ამოსი ამბობს, რომ დაპირებული თანხებიდან მათ ჯერჯერობით მხოლოდ 200 მილიონი მიიღეს.