თურქეთი სირიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ამკაცრებს თავის პოზიციას. ამ ფონზე, დასავლეთი იმედის თვალით უყურებს ანკარას, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაყენების საქმეში.
თურქეთში უკვე მსჯელობენ საერთაშორისო სანქციების და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ სირიაში მოსალოდნელ სამხედრო ინტერვენციაზე და ანკარას როლზე ამ ოპერაციის განხორციელებაში.
პარლამენტისადმი თავის ყოველკვირეულ მიმართვაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე რეზოლუციის ჩავარდნას პოლიტიკური ფიასკო უწოდა და თურქეთის ალტერნატიულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების მუქარის მიუხედავად უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.
ბატონი ერდოღანის განცხადებით: “თურქეთი დასავლეთთან ერთად ახალ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც სირიის ოპოზიციის დახმარებას ითვალისწინებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კვირაში ვაშინგტონს ესტუმრება ამ საქმესთან დაკავშირებით.“
რეჯებ ტაიპ ერდოღანს არ დაუკონკრეტებია საკუთარი გეგმის დეტალები, მაგრამ აშკარაა, რომ ანკარა თავის ყოფილი მოკავშირის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებს, სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკის გამო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის სელჩუკ უნალის განცხადებით სირიაში ძალადობის შეწყვეტისთვის აუცილებელია გაეროს ფორმატის გაფართოება და უფრო აქტიური დიპლომატიური პოლიტიკა რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში.
თურქეთი თავშესაფარს აძლევს სირიის ოპოზიციის ლიდერებს, სირიის თავისუფლების არმიის ხელმძღვანელობის ჩათვლით. ზოგიერთი მონაცემებით თურქეთი ამ არმიას არაბული ქვეყნების იარაღით ამარაგებს. თუმცა ანკარა უარყოფს ამ ბრალდებას.
თურქეთის წამყვანი გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველის სემი იდიზის განცხადებით ანკარას არ სურს მარტოდმარტო დარჩენა დამასკოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით:“ თურქეთი ყოველთვის მრავალმხრივ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, ამგვარ სიტაუაციაში ანკარას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სურს მოქმედება.“
ვაშინგტონსა და ლონდონში კარგად ესმით თურქეთის მნიშვნელობა სირიის კრიზისის მოგვარების საქმეში. თურქეთს სირიასთან 800 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს. ანკარას ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს და ამ რეგიონში ბუფერული ზონის შექმნაც შეუძლია.
სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო საერთაშორისო საზოგადოებას სამხედრო ინტერვენციისკენ მოუწოდებს, თუმცა სრულიად ნათელია, რომ ეს თურქეთის მონაწილეობის გარეშე გამორიცხულია. ანკარა კი ჯერ-ჯერობით არ განიხილავს ამგვარ შესაძლებლობას. თუმცა, როგორც თურქი ექსპერტი სოლი ოზელი ამბობს, თუ სირიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და ლტოლვილთა ნაკადი თურქეთისკენ დაიძრა, არაფერია გამორიცხული.
ახლახან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის კარი ღიაა სირიელი ლტოლვილებისთვის. ეს განცხადება ერთგვარი გაფრთხილებაა დამასკოსთვის. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, თურქეთი გულგრილი ვერ დარჩება სირიაში სერიოზული დესტაბილიზაციის დაწყების შემთხვევაში.