თურქეთმა სახელმწიფო დელეგაცია გააგზავნა სირიაში

თურქეთმა სახელმწიფო დელეგაცია გააგზავნა სირიაში

თურქეთმა სახელმწიფო დელეგაცია გააგზავნა სირიაში და ამ ქვეყნის მთავრობას სასრაფოდ მოუწოდა რეფორმების განხორციელება. ამასობაში გრძელდება იარაღის ძალით პრეზიდენტ ბაშირ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩახშობა.

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი სირიის მმართველი ბაათის პარტიიდან 228 აქტივისტის გასვლას დაემთხვა პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების დარბევის გამო.

უცხოური მედიის ინფორმაციით სირიის ტანკები ჩრდილოეთის საპორტო ქალაქ ლატაკიასკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინათ ტყვიები დაუშინეს.

ჯარის ნაწილები დამასკოს ორ რაიონშიც შეიყვანეს. ტანკებმა ალყა შემოარტყეს სირიის სამხრეთში მდებარე ქალაქ დარაას.

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების განცხადებით სირიაში საპროტესტო გამოსვლების დროს სულ ცოტა 500 ადამიანი დაიღუპა.

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო რეზოლუციის მიღება სირიაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ძირითადად რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც სირიის საშინაო საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ გამოდის.