ასადმა რუსული რაკეტები მიიღო

„ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს სირიის ხელისუფლება მიმდინარე კონფლიქტში უცხოეთის ინტერვენციის შემთხვევაში გამოიყენებს
ლიბანის მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთიდან საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი სარაკეტო დანადგარების მიღებას ადასტურებს. „ეს-300“ ტიპის რაკეტებს სირიის ხელისუფლება მიმდინარე კონფლიქტში უცხოეთის ინტერვენციის შემთხვევაში გამოიყენებს. ინტერვიუ ლიბანის ტელევიზიით დღეს გადაიცა. ტელეარხს „ალ-მანარი“ ასადის მხარდამჭერი ლიბანური ჰეზბოლას ჯგუფი ფლობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ოპოზიციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის პრეზიდენტ ასადის არდაშვებას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მთავარ წინაპირობად აყენებს. დღეს გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ სირიის ეროვნული კოალიცია ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ კრიზისის მოგვარებისთვის პოლიტიკური პროცესები არ დაიწყოს.

უფლებადამცველების განცხადებით, სირიაში 26 თვის მანძილზე გაჭიანურებულ კონფლიქტში სულ მცირე 80 ათასი ადამიანი დაიღუპა.