სირიის მთავრობის სისხლიანი რეიდი

ოქტომბრის ბოლო დღეებში სირიაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიზნით, მთავრობამ ყველაზე სისხლიანი რეიდი მოაწყო.

აქტივისტების განცხადებით, სირიის მთავრობამ სულ ცოტა 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჰომსსა და ჰამაში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო მკვლელობის ფაქტები, და შენიშნა, რომ ეს აქტები სირიის მთავრობის მიერ, მარტში დემონსტრაციების დაწყების შემდეგ მოკლული ადამიანების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის.

ოქტომბრის ბოლოს განხორციელებულ თავდასხმებს ადგილი არაბი დიპლომატების ქვეყანაში ჩასვლის პარალელურად ჰქონდა. არაბული ლიგის წევრებმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ქალაქებიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა და სირიელ ხალხზე თავდასხმიხ შეწყვეტა მოთხოვეს.

ბრიტანულ გაზეთთან საუბარში სირიელმა ლიდერმა დიდი შეშფოთება გამოთქვა რომ რეგიონში ნამდვილი „მიწისძვრა“ მოხდება თუ სირიაში უცხოური ძალების ინტერვენცია განხორციელდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ არავის ინტერესებში არ შედის სირიაში სიტუაციის დამატებით მილიტარიზაცია.

„პირიქით, ჩვენ გვინდა ძალადობის დასრულება, ჩვენ გვინდა ნამდვილი დიალოგი სირიის სეკულარული, დემოკრატიული, მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. ასადი ამაში ხელს გვიშლის.“

ქალბატონმა ნულანდმა აღნიშნა, რომ ასადი საკუთარ ქვეყანაზე რომ ფიქრობდეს, ის გადადგებოდა რაც ნამდვილი დემოკრატიული დიალოგის დაწყების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას.

„გადადგომამდე, იგი მძიმე არტილერიას გაიყვანდა სირიის ქალაქებიდან. ტანკები ადამიანებს აშინებს. ასადი შეწყვეტდა ადამიანების დაკავებას, შეურაცხყოფას და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას. ასადი დიალოგის დაწყებას შეუწყობდა ხელს. ეს არის ის რისკენაც მას არაბულმა ლიგამ მოუწოდა და რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკა უცხოელ მოკავშრეებთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას გაზრდის ასადის მთავრობაზე. ნულანდმა დააკონკრეტა, რომ არცერთმა ქვეყანამ სირიას იარაღი არ უნდა მიყიდოს და არავინ არ უნდა შეუწყოს ამ რეჟიმის მმართველობის წარმატებას ხელი მასთან სავაჭრო ურთიერთობის გზით.