სირიაში გრძელდება ბრძოლები

პრეზიდენტ ასადს ირანელი მოხალისეები და ლიბანური ჰეზბოლას მეომრები ეხმარებიან
სირიაში გრძელდება ბრძოლები ქალაქ ქუსეირის ირგვლივ. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, პრეზიდენტ ასადის ერთგულ ძალებთან ერთად ამ ქალაქის აღებას ირანელი მოხალისეები და ლიბანური ჰეზბოლას მეომრები ცდილობენ.
მისი თქმით:“ დღეს ქუსეირში, რომელიც ალყაშია მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა ჩარჩენილი. წითელი ჯვრის და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი ეკრძალებათ ქალაქში შესვლა სამხედრო მოქმედებების დამთავრებამდე.“
ჯონ კერის განცხადებით, პრეზიდენტ ასადის პოზიცია სრულიად მიუღებელია:“ მსოფლიო იმ პიროვნების მოქმედების მოწმეა, რომელმაც მთლიანად დაკარგა რეალობის შეგრძნება და ძალუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ ხალხს უდიდეს ზიანს აყნებს.“
ბატონი კერის თქმით, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო პრეზიდენტ ასადს სამშვიდობო პროცესში ჩართვას მოუწოდებს, რომელიც უმცირესობათა ინტერესებსაც დაიცავს და სირიელ ხალხს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში დაეხმარება.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით:“ ეს ძალზე რთული პროცესია და ჩვენ ვცდილობთ, რომ რელიგიურმა დაპირისპირებამ სირია ქაოსურ მდომარეობაში არ ჩააგდოს, როდესაც ქვეყანა ცალკეულ ანკლავებად დაიშლება და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეეწირება ამ ომს.“
ამერიკა და რუსეთი სირიის მთავრობას და ოპოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებენ, რომლის მიზანი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება უნდა გახდეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, ვაშინგტონი სირიის ოპოზიციაზე საკმაო ზეწოლას არ ახდენს, რათა მათ ასადის გადადგომის მოთხოვნის გარეშე მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა.
სირიის ხელისუფლება პრინციპში თანახმაა ამგვარი მოლაპარაკება გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებას არავითარი აზრი არა აქვს, სანამ ასადის რეჟიმი, ირანი და ჰეზბოლას მეომრები სირიელი ხალხის განადგურებით არიან დაკავებულნი.
ბატონი კერის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დამასკოსთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვის შესახებ სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.