სირია ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოძიებას გაეროს სთხოვს

მომწამლავი აირის გამოყენების ბრალდების გამოსაძიებლად, სირიის მთავრობა გაეროს დამკვირვებლებს ითხოვს. უქმეებზე დამასკოს გარეუბან დუმაში ათეულობით ადამიანი დაიღუპა, რაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო მოხდა.

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს 2011 წლიდან მოყოლებული უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მზად არის დუმაში მომხდარის გამოძიების მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს. თვის მხრივ, თანამშრომლობას მიესალმება გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც და გამოძიებისთვის "სრული წვდომის" გარანტიებს ითხოვს.

ორშაბათს, არმიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ფაქტს მკაცრი, "ძალისმიერი" რეაგირება მოჰყვება. "სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ბევრი არჩევანი გვაქვს" - თქვა მან, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გასულ წელს, ქიმიური იერიშის პასუხად, ტრამპმა სირიის საჰაერო ბაზა დაბომბა.