ნატო თურქეთს დაჟინებით მოუწოდებს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში შეჭრის დროს თავშეკავება გამოიჩინოს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, სირიელ ქურთ მებრძოლებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხზე, თურქეთის კანონიერი შეშფოთება აღიარა, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეტევაზე გადასვლა, ტერორისტული დაჯგუფების, ,ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიღწეულ პროგრესს „საფრთხეს შეუქმნის“.
სტოლტენბერგმა სტამბოლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ისაუბრა. ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი, მის წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ნატოს მხრიდან სოლიდარობას მოელის..
სირიაში შეჭრიდან მესამე დღეს, თურქეთმა პირველი სამხედროს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კიდევ სამი ჯარისკაცი დაიჭრა, თუმცა დეტალები არ გაუხმოვანებია. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც იუწყებიან, მაგრამ მათი რიცხვის დადგენა და დადასტურება რთულია.
იუწყებოდნენ, რომ თურქეთის სამხედრო შეტევის დროს, ჩრდილოეთ სირიის სასაზღვრო ქალაქებში, რას ალ-აინში და ტელ-აბიადში პარასკევს აფეთქებები მოხდა.
საერთაშორისო ხსნის კომიტეტი აცხადებს, რომ 64 ათასი ადამიანი უკვე იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა და შესაძლოა ასობით ათასი ადამიანი მალე უსახლკაროდ დარჩეს. იმ დროს, როდესაც ნაღმმტყორცნები ჭურვებს საზღვრის გაღმა, თურქეთში ისვრიან, სამოქალაქო პირების დაღუპვის და დაშავების შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს.