სირიაში მორიგი აფეთქება მოხდა

სირიაში მორიგი აფეთქება მოხდა. გუშინ დამასკოში განხორციელებულ მანქანათა აფეთქების ფაქტებს, რომლებშიც 27 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა, დღეს ქვეყნის ზომით მეორე ქალაქ ალეპოში კიდევ ერთი ინციდენტი მოჰყვა.

სახელმწიფო მედიის განცხადებით ალეპოს აფეთქებაში იმავე „ტერორისტების“ ხელი ურევია, რომელთაც მთავრობა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ წამოწყებულ ამბოხს აბრალებს. ბრიტანელი უფლებადამცველების განცხადებით დღევანდელმა აფეთქებამ 3 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. უსაფრთხოების პუნქტს და ორ საცხოვრებელ სახლს შორის მომხდარი მანქანის აფეთქების გამო ალეპოში 25 ადამიანია დაიჭრილი.

სირიის ოპოზიცია მომხდარ ფაქტში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ასობით დემონსტრანტი გამოვიდა დამასკოში და ალეპოში გამართულ მარშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებისთვის დაწყებული საპროტესტო აქციების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.