აფეთქებამ სირიულ საავადმყოფოში 40 პაციენტი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ორშაბათს სირიაში მომხდარ აფეთქებებს შორის ერთ-ერთის სამიზნე საავადმყოფო იყო, რომელშიც 40 პაციენტი დაიღუპა. შენობა ისე დაზიანდა, რომ აუცილებელი გახდა გადარჩენილი პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანა.

ბომბების აფეთქების მთელ სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საავადმყოფოში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაა და ეს რიგით მე-17 იერიშია, რომელიც წელს სირიის სამედიცინო დაწესებულებებზე განხორციელდა.