სირიაში კოორდინირებული აფეთქებები მოხდა

ასადის მთავრობა „შეიარაღებულ ტერორისტებს“ ადანაშაულებს

სირიის ქალაქ იდლიბში ორმაგი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის უფლებათა დაცვის ოფისი იუწყება. მათი ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე სირიის არმიის დაზვერვის შენობა იყო. ტერაქტის შესახებ ასევე ინფორმაცია გაავრცელა სირიის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტო „სანამ“. სააგენტოს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა ადამიანი და დაიჭრა 100-მდე მოქალაქე. სირიის სახელმწიფო მედია აფეთქებების გახშირებაში „შეიარაღებულ ტერორისტებს“ ადანაშაულებს. სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებს სირიის ოფიციოზი ამბოხებულებს, რომლებიც უკვე 13 თვეა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობისთვის იბრძვიან.