გაეროს განცხადებით, სირიაში უმოკლეს დროში უფრო მეტრი დამკვირვებლის განთავსებაა საჭირო. ჯერჯერობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიით სირიაში რამდენიმე ათეული დამკვირვებელია მივლინებული, რაც ბევრად ნაკლებია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ რაოდენობაზე. უშიშროების საბჭომ სირიაში 300 დამკვირვებლის მივლინების გადაწყვეტილება მიიღო. გაეროს პრესსპიკერმა ნერაჯ სინგჰიმ დღეს დამასკოში განაცხადა, რომ უფრო მეტი დამკვირვებლის განთავსებას გაეროსთვის აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოქმედებენ ჰომსში, ჰამაში, დარააში და იდლიბში. დამკვირვებლები სირიაში სამშვიდობო გეგმის მონიტორინგს აწარმოებენ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში 13 თვიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. დამკვირვებლების მუშაობის მიუხედავად, სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთს ძალადობის ესკალაციაში ადანაშაულებენ.