შვედეთმა დაზიანებული რუსული მილსადენების დასათვალიერებლად ბალტიის ზღვაში 3 ოქტომბერს წყალქვეშა ხომალდი გააგზავნა. ორი მილსადენი გასულ კვირას შვედეთის და დანიის ტერიტორიულ წყლებთან, წყალქვეშა აფეთქებების შემდეგ დაზიანდა, რამაც გაზის მასშტაბური გაჟონვა გამოიწვია. ამ ინციდენტმა ევროპის ენერგეტიკულ კრიზისს დამატებითი დაძაბულობა შეჰმატა.
ასევე ნახეთ: რუსეთს "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარი "დივერსია" სახელმწიფო ტერორიზმად მიაჩნიაევროპა სავარაუდო საბოტაჟზე საუბრობს იძიებს თუ რამ გამოიწვია „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების აფეთქება შვედეთისა და დანიის წყლების მახლობლად. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ წყალქვეშა დივერსიული აქტის მოწყობა მხოლოდ ამა თუ იმ სახელწიფოს სამხედრო რესურსებით იქნებოდა შესაძლებელი და რომ გაზის მიწოდენობის აღკვეთა რუსეთის ინტერესებში შედის. მოსკოვი კი თავის მხრივ მილსადენების აფეთქებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
შვედეთის სანაპირო დაცვის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ გაჟონვის ადგილის გარშემო ხუთი საზღვაო მილის რადიუსი აკრძალული ზონაა, სადაც გემებს გადაადგილება არ შეუძლიათ. შვედეთის პროკურატურამ ეს ტერიტორია დანაშაულის ადგილად გამოაცხადა.
მანამდე შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 1-მა“ გაჟონვა შეწყვიტა, მაგრამ გაზი კვლავ გამოდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-დან“, სადაც ზედაპირზე გაჟონვის ზონა 30 მეტრის რადიუსზე ვრცელდება.
„ჩრდილოეთის ნაკად 1-ს“ რუსული გაზი გერმანიამდე მიჰქონდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებაზე კი, უკრაინაში ომის დაწყების გამო, გერმანიამ წლის დასაწყისში უარი თქვა.