„საკითხების ადგილიდან დაძვრა“ თუ უთანხმოება - ანალიტიკოსები სამიტის შესაძლო შედეგებზე მსჯელობენ
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათს და სამშაბათს დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს „დიდი რვიანის“ ლიდერთა შეხვედრა იმართება. ისინი საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. დეტალებს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა.
ლიდერები ჩრდილოეთ ირლანდიაში ტბის ნაპირზე მდებარე კურორტზე იკრიბებიან. ადგილი დაცულია ანტიგლობალისტების დემონსტრაციებისგან და „დიდ რვიანს“ წყნარ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს დევიდ კამერონს ვაჭრობის და გადასახადების საკითხებზე სურს ყურადღების გამახვილება. ასევე სამიტის დროს სირიის თემასაც განიხილავენ.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიდი რვიანის სამიტი, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ყველა მხარეზე. ეს არის სამშვიდობო კონფერენციის ჩატარება, სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა და გარდამავალი მთავრობის შექმნა სირიაში,“ - განაცხადა დიდი რვიანის სამიტამდე დევიდ კამერონმა.
სამიტის დაწყებამდე შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს რასაკვირველია სამიტზე დასავლეთის ქვეყნების პოზიციას გაამკაცრებს. თუმცა, ცხადია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს სირიის რეჟიმის მხარდაჭერას. კადრი ლიკი ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის ექსპერტად ითვლება.
„მართალია, მოსკოვი არ ეთანხმება დასავლეთის პოზიციას სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე არ გააჩნიათ საკუთარი პოზიციის გასატანად შესაბამისი ძალა და ბერკეტები,“ - ამბობს კადრი.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, დასავლეთის ქვეყნებს „დიდი რვიანის“ სამიტზე წინააღმდეგობას ჩინეთი გაუწევს. სტივენ პიკფორდი „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსია.
„მათ ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა გაუჭირდებათ თუკი ამაში არ იქნებიან ჩართული მზარდი ეკონომიკის ქვეყნები. თუმცა, შესაძლებელია, რომ დიდმა რვიანმა აჩვენოს მსოფლიოს ლიდერის ფუნქცია და შეეცადონ ამ უთანხმოების დაძლევას,“ - ამბობს პიკფორდი.
ანალიტიკოსების აზრით, „საკითხების ადგილიდან დაძვრა“ „დიდი რვიანისთვის“ უფრო მეტად რეალისტური იქნება, ვიდრე ერთმანეთს შორის უთანხმოების დაფიქსირება.