ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე რეაგირებისკენ იქნება მიმართული. ეს ამ დღეებში მოხდება - განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის კვირას ტელეკომპანია "სი-ბი-ესს" (CBS) ესაუბრა და ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკა "ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა".
განცხადება ვაშინგტონის მაღალჩინოსანმა რუსეთთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მოსკოვთან შეთანხმებას გასულ კვირაში ჯერ ამერიკის, შემდეგ ნატოს და ბოლოს ეუთოს წარმომადგენლები ცდილობდნენ. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული, რაც შესაძლოა, სუვერენულ სახელმწიფოში კრემლის მორიგი შეჭრის საწინდარი იყოს. ამერიკის შეშფოთებას ევროკავშირი და ნატოც იზიარებენ. გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებები სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებას ემსახურებოდა.
"მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან, მათ შორის უკრაინასთან" - თქვა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატების სამომავლო ნაბიჯებიც კოორდინირებულად გადაიდგმება. "შემდგომი ნაბიჯების თაობაზეც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და მომავალი კვირის დასაწყისში მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ".
"მთავარი ამ ყველაფერში კი ისაა, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ. თუ რუსეთს სურს დიპლომატიური არხებით [მუშაობა], აბსოლუტური მზაობა გვაქვს, ეს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდეს" - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. "თუ რუსეთს სურს ინტერვენციის და ესკალაციის გზით წასვლა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, რომ გვქონდეს მყისიერი რეაგირება".
დასავლეთთან გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად, 16 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთი და რუსეთი "სრულიად განსხვავებულ არხებზე" იმყოფებიან. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კვირას ამერიკულ ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" (CNN) უთხრა: "ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთგაგება არსებობს, თუმცა ზოგადად, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ განსხვავებულ არხზე ვიმყოფებით, სრულიად განსხვავებულ არხებზე. ეს არ არის კარგი. ეს შემაშფოთებელია".
მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს წაუყენა მოთხოვნების მთელი სერია, რაც ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. მათ შორის, მოსკოვი ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას და უკრაინის და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებას. დასავლეთის ოფიციალური პირები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება გამორიცხულია, ვინაიდან ეს სუვერენული ქვეყნების განუყოფელი უფლებების ნაწილია.