მილიარდერები საგადასახადო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან

ელონ მასკი

კომპანია "ტესლას" გენერალური დირექტორი და პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ელონ მასკი დემოკრატების ახალ ინიციატივას ეწინააღმდეგება. 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ფინანსური აქტივების მფლობელი, ქონებრივ გადასახადებთან დაკავშირებულ ცვლილებებს "სისულელეს" უწოდებს.

დემოკრატი კანონმდებლების გეგმის თანახმად, მილიარდერების მიერ გადახდილი გადასახადები ქვეყნის შიდა პოლიტიკისთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე უნდა დაიხარჯოს. მაგალითად სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ჯანდაცვის სხვა პროგრამები. საკანონმდებლო შეთავაზება პრეზიდენტ ბაიდენის შიდა პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა არც ეს პაკეტია ჯერ საბოლოოდ მიღებული.

ასევე ნახეთ: ბაიდენი საბიუჯეტო საკითხებზე დემოკრატებთან შეთანხმებას ცდილობს

მასკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ამაზონის" მფლობელ ჯეფ ბეზოსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული ჩამოართვა, უფრო და უფრო მეტ მოგებას "ტესლას" ელექტრომანქანების გაყიდვით იღებს. დემოკრატების ინიციატივის შესაბამისად, მისი ერთჯერადი გადასახადი შესაძლოა 50 მილიარდის მოცულობისაც კი იყოს.

"სფეისX"-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს თანხა ადამიანების მარსზე წასაყვანად იქნება გამოყენებული და არა გადასახადებისთვის.

იდეის წინააღმდეგ საუბრობს ლეონ კუპერმანიც, მილიარდერი ინვესტორი, რომელიც სენატორ ელიზაბეთ უორენის საგადასახადო ინიციატივებს აქამდეც ეწინააღმდეგებოდა. მილიარდერი ამბობს რომ ეს სულელური იდეაა და შესაძლოა უკანონოც კი იყოს.

სამშაბათს შეერთებული შტატების სენატის დემოკრატებმა მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეტ უორენის მეთაურობით, წარმოადგინეს საგადასახადო ინიციატივა, რომელიც კორპორაციებს ახალ მინიმალურ გადასახადს უწესებს. ის მოიცავს ე.წ. მილიარდერების გადასახადსაც, რომელიც შეეხება მათ, ვისი შემოსავალიც $1 მილიარდს აღემატება და ასევე იმათ, ვისი შემოსავალი ზედიზედ 3 წლის მანძილზე $100 მილიონს, ან უფრო მეტს შეადგენს.