მეორე მსოფლიო ომიდან 75 წლის თავზე, "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, უოლტერ რასელ მიდი ამბობს, რომ რუსეთმა დანამდვილებით არ იცის რა მიმართულებით უნდა იაროს. სწორედ ამით ხსნის ამერიკელი სპეციალისტი ფაქტს, რომ რუსეთი დესტრუქციულად უდგება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ებრძვის დასავლეთს. რასელს მიაჩნია, კრემლი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მის მიზნებში და პარტნიორებში.
"რუსეთმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ ვისთან მეგობრობა დაეხმარება მას გახდეს უკეთესი და წავიდეს წინ. მე ვფიქრობ რუსეთისთვის ყველაზე კარგი პარტნიორი დასავლეთი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საინტერესოა როგორ ხედავენ ქვეყნის მომავალს თავად რუსეთში და როგორ აღიქვამენ მოვლენებს. რუსეთთან ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას. ჯორჯ ბუში უმცროსი და მის შემდეგ ამერიკის ყველა პრეზიდენტი შეეცადა პუტინთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას, მაგრამ დახურული კარის გახსნა ვერც ერთმა ვერ მოახერხა. მე ვფიქრობ, მოლაპარაკებებს მოსკოვი კეტავს და გასაღები ურთიერთობებში რუსეთის, უფრო სწორედ პუტინის, ხელმშია,"- ამბობს უოლტერ რასელ-მედი.
ასევე ნახეთ: "ასოცირებული წევრის სტატუსი" - იდეა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის"ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსს მკვლევარს მიაჩნია, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში "ნატო" უფრო გაძლიერდება და მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგება. რასელს მიაჩნია, რომ ნატო რუსეთის ურთიერთობების დაახლოების შემთხვევაში მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება, თუმცა რა შანსები არსებობს ამისთვის, ის ვერ აკონკრეტებს.
გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სპეციალისტები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს, წარსულის გამოცდილებით განიხილავდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ფრანს ვან დაელი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპარლამენტში ბელგიას წარმოადგენდა.
ის ფიქრობს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მყარი არ არის, თუმცა მას მიაჩნია, რომ დასავლეთი ბოლო პერიოდში სუსტად გამოიყურება. შეხვედრის დროს დიპლომატმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა "ტრამპიზმი" და თქვა, რომ დასავლეთის დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა. დაელს მიაჩნია, რომ ამერიკა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს უფრო "შიდა საკითხებზე ორიენტირებული" გახდა და "ევროპელ პარტნიორებს ზურგი აქცია"
ასევე ნახეთ: ტეფტი: ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდა"აღარ არსებობს რკინის ფარდა და ბერლინის კედელი, თუმცა რუსეთი კვლავ ცდილობს სხვადასხვა ხერხით ევროპაში განხეთქილება შემოიტანოს,"- ამბობს კონსტანცა სტელცენმიულერი რომელიც შეხვედრაზე "ბრუკინგსის ინსტიტუტს" წარმოადგენდა. მას მიაჩნია, რომ რუსეთიც და ჩინეთიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლეთი ერთიან პოლიტიკას არ აწარმოებს.
"რუსეთი ჰიბრიდული სისტემების საშუალებით ცდილობს ევროპაში შემოიტანოს განხეთქილება, კრემლს სურს ევროპა დაყოს. კრემლისთვის მნიშვნელოვანია წარმოაჩინოს და ანახოს საზოგადოებას, რომ ევროპა არ არის ძლიერი და ერთიანი. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩართულია ჩინეთიც და უფრო ეფექტურად. მათ საკუთარი მიდგომები აქვთ, ცდილობენ ახალი რეალობა შექმნან, აქტიურად არიან ჩართულები ციფრული სამყაროს განვითარებაში და მას იარაღად იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ პროცესში კი დასავლეთს ამ ეტაპზე, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა უჭირს. ამიტომ, პრობლემა არა რუსეთში ან ჩინეთში არამედ ჩვენშია და ამის გამოსწორებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,"- ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი კონსტანცა სტელცერმიულერი.
ასევე ნახეთ: ვინ გაიმარჯვა ყარაბაღის ომში?გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები ამბობდნენ, რომ ამერიკა-ევროპის ამჟამინდელი ურთიერთობები საფრთხეს უქმნის ნატოს ფუნქციონირებას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ დასავლეთში აზრთა მეტი თანხვედრა იქნება მომავალში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჩამოყალიბებიდან დღემდე, ნატო ახლა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. უოლტერ რასელ-მიდი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში დასავლეთში ურთიერთობები უფრო მჭიდრო და თანმიმდევრული იქნება.