ნატო მზადაა ჩრდილოეთ მაკედონია 30-ე წევრად მიიღოს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საბერძნეთთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავა დაასრულა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა.
სტოლტენბერგი სიტყვით სკოპიეში გამოვიდა, სადაც ის ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. სკოპიემ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც ნატოს გადაწყვეტილების მიმღები 29-წევრიანი ორგანოა.
თებერვალში სკოპიემ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების საფუძველი გახდება, როცა ალიანსის 29-ვე ქვეყნის პარალმენტი დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს.
ნატოსა და სკოპიეს შორის წევრობაზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ, საბერძნეთთან ქვეყნის სახელთან დაკავშირებით, კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია. ათენი ქვეყნის სახელად მაკედონიის დატოვებას ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა სკოპიეს მოგვიანებით საბერძნეთის მაკედონიის რეგიონზე ტერიტორიული პრეტენზია გასჩენოდა.