ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, საქართველოსგან კი ელის დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნებას.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“ - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა - „ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაიჭრას პოლიტიკური განსხვავებები და შემცირდეს მაპოლარიზებელი რიტორიკა და ქმედებები.“
ასევე ნახეთ: რუსეთი ნატოსთან მუქარის ენით საუბარზე გადავიდაიენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე - საზღვაო მხარდაჭერით, გაერთიანებული წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო იქნება ძალიან ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს ეს არჩევანი“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. შეხვედრის შემდეგ მხარეებს ჟურნალისტების კითხვებზე არ უპასუხიათ, მათ მხოლოდ განცხადებები გააკეთეს.