ბიგანი აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს

სტივ ბიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა საქართველოზე ისაუბრა და ორი ქვეყნის ურთიერთობაში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გაუსვა ხაზი. ბიგანი​ ლევან მიქელაძის ფონდის და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ, ონლაინ კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით და ამერიკა-საქართველოს ახლო პარტნიორობაზე, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ორ ქვეყნას შორის მტკიცე სამხედრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები თბილისში გააგრძელებენ დემოკრატიული იდეების დაწინაურებას და მმართველი ინსტიტუტების გაძლიერებას. წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამ მიმართულებით კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ჩვენ გვწამს, რომ სათანადო პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს საჭირო ნაბიჯებს უფრო ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ბოლომდე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. მისი თქმით, “ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაშავდა რუსეთის აგრესიის შედეგად, რამაც უნდა დაგვავალდებულოს, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოვთხოვოთ, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება და [დაასრულოს] საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყველა მეზობლის და განსაკუთრებით, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.“

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან ამერიკის ჩართულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიისადმი ერთგულებაა. „საქართველო ბევრი თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია და ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები თბილისში გააგრძელებენ დემოკრატიული იდეების დაწინაურებას და მმართველი ინსტიტუტების გაძლიერებას. წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამ მიმართულებით კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ჩვენ გვწამს, რომ სათანადო პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს საჭირო ნაბიჯებს უფრო ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.”

ასევე ნახეთ: დავით ზალკალიანი - საქართველო და ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი

საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ბიზნესებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის გარანტი იქნება და სწრაფად გადაჭრის მათ დავებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიგანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია. „საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ბიზნესებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის გარანტი იქნება და სწრაფად გადაჭრის მათ დავებს. უკეთესად დაკავშირებული, ეკონომიკურად უფრო წარმატებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ცენტრალური აზია შედის როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს ინტერესებში. საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ სატრანზიტო ცენტრი იყოს ევრაზიიდან ევროპისთვის. გაზის სამხრეთის დერეფნის დასრულება და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ლაპილ ლარულის დერეფანი, ამ ამბიციებს დააწინაურებს. ეს ძალისხმევა რეგიონის ქვეყნებს ხელს შეუწყობს წინააღმდეგობა გაუწიონ მტრულ გავლენებს ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც გავლენათა სფეროების შექმნას ცდილობენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტს და საბანკო სესხებს, რომლებიც მმართველობასა და ავტონომიას ასუსტებს.“

ასევე ნახეთ: პომპეო: ასეთი კრიზისები ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმეს და ფასს შეგვახსენებს


ბიგანმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის მიზანია „იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი და შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორების [შერჩევაში].“

ამერიკის მეორე დიპლომატმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და დახმარების მეშვეობით, საქართველომ ააშენა ძლიერი, მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო თითქმის 6 მილიონი დოლარი კოვიდ-19-ის [წინააღმდეგ ბროლაში] დასახმარებლად და აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID) დამატებით 13 მილიონი დოლარი გამოყო მიმდინარე პროგრამებზე, რომელთა მიზანიც საქართველოზე კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის [შემსუბუქებაა],“ თქვა ბიგანმა.

ასევე ნახეთ: რიკერმა ბრიუსელში ბრიფინგზე საქართველოზე ისაუბრა

რუსულ დეზინფორმაციაზე საუბრისას, სტივ ბიგანმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არავის უკვირს ის, რომ ამერიკული დაფინანსებით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია რუსული მავნე პროპაგანდის უწყვეტი სამიზნეა.

მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ლუგარის „ცენტრმა ქართველ ხალხს დაანახა საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის არჩევანის ხელშესახები შედეგი.“

საუბრის ბოლოს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ქვეყნის დასავლური მისწრაფებების შესრულებაში და მადლობა გადაუხადა ქვეყანას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა დაეხმარება „საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, შესაძლებლობების გაძლიერებაში და ნატოსთან თავსებადობის დახვეწაში. მხოლოდ 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 66 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო სამხედრო დახმარების სახით. ჩვენ გულითადად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიის მხარდაჭერაში და ამერიკისა და ნატოს წვრთნებში სხვაგან.“

სტივენ ბიგანმა ხაზი გაუსვა ლევან მიქელაძის ფონდის საქმიანობას და წვლილს საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშენებულია საერთო ღირებულებებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე.